უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია და სასულიერო პირები ავრცელებენ.
98 წლის პატრიარქის გარდაცვალების შესახებ დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემაც.
„დღეს ჩემს გულში, როგორც მრავალი უკრაინელის გულში, სუფევს ღრმა სევდა და ტკივილი, რადგან დასრულდა წმინდა პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება.
მოვუწოდებ სრულიად უკრაინულ სამრევლოს, გულმხურვალე ლოცვა აღავლინოს ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულის მოსახსენებლად, რომელიც დღეს უფალთან წავიდა. ვევედრებით ყოვლადძლიერ ღმერთს, მიიღოს ის თავის ზეციურ სასუფეველში. გულითად სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მღვდელმთავრის ოჯახს“, – წერს მიტროპოლიტი ეპიფანე.
9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფილარეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პატრიარქი ფილარეტი უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის იბრძოდა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მიღებამდე ის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა.
2018 წელს, გაერთიანების საბჭოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის შემდეგ, ფილარეტი მისი საპატიო პატრიარქი გახდა.
