LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე საქართველოს ბანკებში რუსეთის 45,349 მოქალაქემ გახსნა ანგარიში – IDFI სტატისტიკას აქვეყნებს

41
ლარსი რუსები

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან  31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს  კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ; 31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მიახლოებით  60 ათასს აჭარბებს – ამის შესახებ სტატისტიკას IDFI აქვეყნებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა; 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს.

“რუსეთის  უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლა განიხილება. IDFI  პერიოდულად სწავლობს და აქვეყნებს საზღვრის კვეთის და რუსეთის მოქალაქებიის საქართველოში დამკვიდრებასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს. ამჯერად, IDFI-ს მიერ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი და მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია  ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების  მიერ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში განხორციელებულ  სხვადასხვა აქტივობებთან.  კერძოდ, წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია 2021-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში  საბანკო ანგარიშების გახსნის,  საბანკო დეპოზიტებზე თანხის განთავსების,  სესხების  აღების და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემების ანალიზისას IDFI გამოთქვამდა ვარაუდს რომ, ჯერ კიდევ მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსეთის 42 ათასზე მეტი მოქალაქის ვიზიტი  ნაკლებად იყო დაკავშირებული ტურისტულ მიზნებთან, ვინაიდან, მათ ქვეყანა არ დატოვეს მინიმუმ 1 თვის (30 ივლისის მდგომარეობით) დაყოვნების შემდეგაც. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის სავარაუდო შემთხვევებს, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნის თანმხვედრი მაჩვენებლები”, – აღნიშნულია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.