LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული ვიზიტი 9 წლის შემდეგ – რატომ შეეშალათ მხარეებს რაღაცეები

9-წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო,  პირველი სახელმწიფო ვიზიტით არის ჩამოსული, რაც რანგით ოფიციალურ ვიზიტზე მაღალია. ვიქტორ იუშენკო იყო ბოლო პრეზიდენტი, რომელიც 2008 წელს ოკუპაციის დროს იმყოფებოდა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ  პოლიტიკოსებიც და ანალიტიკოსებიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობენ, ეს აქამდე  შეუძლებელი აღმოჩნდა, რასაც პირველ რიგში,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს უკავშირებენ.  ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბოლოსდაბოლოს ამ ვიზიტის განხორციელება საკმაოდ  პომპეზურად მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში წითელი ხალიჩით და ეტიკეტის სრული დაცვით დახვდნენ.  მანამდე იყო პრეზიდენტების ვახშამი ჩამოსვლის საღამოს და მეორე დღეს  უკრაინის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება. თუმცა,  ჩამოფრენისას  აეროპორტში  პოროშენკოს, რომელიც უშუალოდ მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვიდა, არც ვიზავი დახვედრია და არც ქვეყნის  უმაღლესი რანგის პირებიდან რომელიმე. აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტს განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერის წოდებით და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მრჩეველი დახვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტი საკმაოდ პომპეზურად და მასშტაბურად გამოიყურება, რადგან თბილისის მთაწმინდიდან დათვალიერების გარდა, სადაც მეტი შთაბეჭდილებისთვის ტრამვაითაც კი ავიდნენ,  ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიცავს და სვანეთსა და აჭარაში ვიზიტსაც  კი ითვალისწინებს, მათ შორის ბიზნესფორუმებზე დასწრებას, რომელიც თბილისსა და ბათუმში იმართება. თუმცა,  თბილისში გამართულ ბიზნესფორუმზე ქართული მხარე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ფორუმის მთავარ ბანერზე სიტყვა „უკრაინა“ შეცდომით ეწერა და დასავლური მედიის  მთავარი ყურადღებაც ამ  შეცდომამ დაიმსახურა.

ცხადია, ეს მიზანმიმართული შეცდომა არ ყოფილა.  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ შეცდომებში შემჩნეულია. შარშან  თავდაცვის სამინისტროში  გერმანიის დელეგაციას გერმანიის დროშა უკუღმა დაკიდებული დაახვედრეს,  მერე თბილისში მემორიალი გააკეთეს, სადაც წარწერა ასევე ორთოგრაფიული შეცდომით იყო დაფიქსირებული და მერმა თავი  იმართლა, ფაციფუცში მოგვივიდაო.  „უკრაინის“ შეცდომით დაწერაზე ჯერ არავის უმართლებია თავი, მაგრამ  უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მხარე თავიდანვე უხერხულ სიტუაციაში რომ იყო, ყოფილმა პრეზიდენტმა  „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პოსტის გამოქვეყნებით შეახსენა.

“იმედი მაქვს, პრეზიდენტმა პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს,” – წერს სააკაშვილი და ამით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იმ ქმედებას ეხმარება, რომლითაც მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, სადაც  მის მიმართ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის დახარჯული თანხაა.

სააკაშვილი ექსტრადირების საკითხი

ეს ბრალდება დღემდე ირონიის საგნად არის ქცეული, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ მხარეს სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აქვს აღძრული და ამიტომ ყველაზე მეტი მოლოდინი არსებობდა, რომ ამ საკითხზე  პეტრო პოროშენკოს ვიზიტისასაც ისაუბრებდნენ, რადგან სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში ცხოვრობს.

მისი ექსტრადირების მოთხოვნით  უკრაინას ქართულმა მხარემ 2015 წელს უკვე მიმართა, მაგრამ მაშინ უარი მიიღო. მას შემდეგ ეს საკითხი პერიოდულად აქტიურდება ხოლმე, მაგრამ ოფიციალური მიმართვა აღარ ყოფილა. პოროშენკოს ვიზიტის წინ თავად  პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ შეხვედრის დღის წესრიგი ეს თემა საერთოდ არ დგას, მაგრამ უკრაინის  პრეზიდენტს მაინც მოუწია ამაზე კომენტარის გაკეთება და, როგორც აღმოჩნდა, მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ 2 წლის წინ ქართულ მხარეს  ერთ დროს მისი თანამებრძოლის და ახლა უკვე მისი  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციის ექსტრადირების მოთხოვნა გაგზავნილიც ჰქონდა და უარიც მიღებული. პოროშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ უკრაინას ამაზე მოთხოვნა არ მიუღია და  დღის წესრიგში მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნის  შემდეგ დადგება.

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელსაც წლების განმავლობაში უკრაინაში მაღალი თანამდებობა ეკავა,  ამბობს, რომ უკრაინის კონსტიტუციით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თეორიული შანსიც კი არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ორაზროვან პასუხს მის პოლიტიკურ შეცდომად აფასებს და იურიდიული  მრჩევლების შეცვლას ურჩევს.  საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი უკრაინაში, გელა დუმბაძე, ადასტურებს, რომ ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს შორის ისევ გრძელდება. ქართულ მხარეს კი ახლა ამ  თემაზე საუბარი არ სურს.

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი

ამ ვიზიტისას უხერხული მომენტები  ოკუპაციის და რუსული აგრესიის თემასაც კი ახლდა, რაც ამ  ვიზიტის ცენტრალური საკითხი იყო.  ამ საკითხზე პოროშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს  პრეზიდენტის სასახლეში მცირე უხერხულობაც მოჰყვა. პოროშენკოს თქმით, კარგი იქნებოდა, საქართველოს ჰქონდეს მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი.

„მინსკის შეთანხმება უნიკალური ინსტრუმენტია, საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს მსგავსი ინსტრუმენტი რუსეთის მიერ ხელმოწერილი ვალდებულებების სახით,“ –  აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კი, პეტრო პოროშენკოს დელიკატურად შეახსენა, რომ 2008 წელს საქართველო ომის წინაშე იდგა, რომლის შედეგად ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და სწორედ ამ დროს გაფორმდა სარკოზი-მედვედევის 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სადაც საუბარია ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

მიუხედავად ამისა, ამ თემას საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რომ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად პასიურები არიან, რომ  არამარტო საერთაშორისო თანამეგობრობამ დაივიწყა ეს და უკრაინის გვერდით საქართველო აღარ მოიხსენიება, არამედ უკრაინის პირველმა პირმაც კი არ იცოდა ამის შესახებ. მით უმეტეს, რომ საქართველოში ვიზიტის მოსამზადებლად ამ მიმართულებითაც უნდა ჰქონოდა კონსულტაციები თავის მრჩევლებთან.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ კი პოროშენკოს გამოსვლის ახსნა  იმით სცადა, რომ ივარაუდა, პოროშენკო, ალბათ, ნორმანდიის ფორმატის  მსგავს საკითხს გულისხმობდა, სადაც ევროპის მაღალი დონის  დიპლომატები იქნებოდნენ ჩართული და რაც საქართველოს ნამდვილად არა აქვს.

დაგვიანებული აუცილებლობა 

საქართველოს და უკრაინის იდენტური პრობლემების გამო, რაც ეხება  რუსეთის აგრესიას, ეკონომიკის განვითარებისა და ევროინტეგრაციის აუცილებლობას,  პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების შეფასებები იდენტურია, რომ  ორ ქვეყნას შორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია და  ამ მხრივ აქტიურობა დაგვიანებულიც კია.

„ჩვენ ძალიან ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს და სტრატეგიული მოკავშირეობა აუცილებელია, რაც  2014 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არასახელმწიფოებრივი აზროვნების  გამო  შეწყდა  და ჩვენ, საქართველომ და უკრაინამ ოკუპაციის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიული ფრონტი ვერ შევქმენით“, – ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე და ამას სწორედ სააკაშვილის ფაქტორს უკავშირებს და დასძენს, რომ „ძალიან კარგია, ეს ვიზიტი რომ შედგა, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია და მთავარი ის არის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობა სააკაშვილის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ დაიწყო, რაც მან ოლიგარქიული მმართველობის კრიტიკა დაიწყო“.

ის ამბობს, რომ  დაგვიანებულია  ურთიერთობის  გააქტიურება და არ გამორიცხავს, ამ ვიზიტის პომპეზურობა სწორედ ამ  შეცდომის გამოსწორებას ემსახურებოდეს, რაც მას დადებითად მიაჩნია და იმედს გამოთქვამს, რომ  „ახლა მაინც გადაიდგმება სწორი და აუცილებელი ნაბიჯები, რაც, პირველ რიგში, დეოკუპაციის საკითხს ეხება“.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილიც ამბობს, რომ  „საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ერთნაირი პრობლემატიკიდან გამომდინარე“ და  ისიც ამბობს, რომ  „ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო“.  თუმცა, რაც შეეხება შედეგს, ის ამბობს, რომ „სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ, ცხადია,  ურთიერთობის გააქტიურება აუცილებელია“.

გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ხელისუფლებას, როდესაც  უკრაინა-საქართველოს  ურთიერთობის გააქტიურებაზე საუბრობენ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა,  იმედოვნებს, რომ „უმაღლეს დონეზე გამართული ეს შეხვედრა გამოასწორებს იმ ჩავარდნას, რაც აქამდე იყო, რადგან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის აუცილებელია იმის გამო, ჩვენი საერთო მიზანი ევროინტეგრაცია და დეოკუპაციაა“. ის ამბობს, რომ ამ ვიზიტის  წინ იყო მიმართავ ევროპარლამენტისადმი, რომ სამიტიზე მოხდეს  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დიფერენცირება და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უპირატესობა მიანიჭოს და ფიქრობს, რომ  პოროშენკოს ვიზიტს  ამ მიმართულებით „შესაძლოა, პირველივე ხელშესახები შედეგი ჰქონდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ურთიერთობის აღდგენაზე, რაც  უდაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია“.

დეკლარაცია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას ქართულ-უკრაინული მაღალი დონის სტრატეგიული საბჭო, რომელიც კოორდინირებულად იმუშავებს სხვადასხვა საკითხზე.

დეკლარაციაში წერია, რომ პრიორიტეტული საკითხია საქართველოსა და უკრაინის დე-ოკუპაციის მიმართულებით მუშაობა. კერძოდ კი, ორივე ქვეყანა აპირებს სხვადასხვა პოლიტიკური და სამართლებრივი საშუალებების ერთობლივად გამოყენებას, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერას, რომ რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს და მან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ასევე მინსკის შეთანხმებება შეასრულოს.

დეკლარაციაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიც კოორდინირებული უნდა იყოს. ასევე არის პუნქტები ეკონომიკურ თანაშრომლობაზე, კერძო კი, საუბარია მსხვილ საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე ევროპა-აზიის მიმართულებით, მათ შორის „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში.

 

რუსა მაჩაიძე

magti 5g