LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უმდიდრესი ადამიანი ვარ ჩემი მეგობრებით და იმ ადამიანებით, რომლებიც ღმერთმა შემომიკრიბა გარშემო” – ნიკოლოზ რაჭველი ,,არტ-FM”-ში

26
97538878-10216970003910776-105304858566852608-n

15 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს  მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სტურობდა, რომელიც დღეს იუბილარია. მაესტრომ გადაცემაში ბავშვობზე, მშობლებზე, მეგობრებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

– პირველ რიგში დაბადების დღეს გილოცავთ. მინდა გავიხსენო ბოლო ჩართვა, როდესაც მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ჩვენს ეთერში აღნიშნა, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა საქართველოსთვის ასეთი დიდი მაესტროს ყოლა. მინდა ბავშვობაზე საუბრით დავიწყოთ ნიკოლოზ. გაიხსენეთ ყველაზე დაუვიწყარი დაბადების დღე. ვიცი,რომ დედას უდიდესი როლი ჰქონდა თქვენს ცხოვრებაში და ალბათ ყველაზე დაუვიწყარი დაბადების დღეები მაინც ბავშვობას უკავშირდება.

რა თქმა უნდა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ძალიან მიყვარხართ, მიყვარს ის სივრცე, საიდანაც მილოცავთ, სადაც არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და არაჩვეულებრივად აკეთებენ საკუთარ საქმეს. ჩემი დაბადების დღეები მაინც ბუნდოვნად დამამახსოვრდა, მაგრამ რა თქმა უნდა 1999 წლამდე გაცილებით ბედნიერი დაბადების დღეები მქონდა, ვინაიდან ჩემი მშობლები ჩემთან იყვნენ, შემდეგ კი მხოლოდ დედასთან ერთად აღვნიშნავდი. ხშირად ჩემს დაბადების დღეებს კონცერტები ემთხევოდა და შესაბამისად მქონია დაბადების დღეები, როდესაც ჩემს გარშემო ყოფილა რამოდენიმეათასიანი აუდიტორია. ეს დღე ძალიან მიყვარს და პრინციპში, ძალიან მრავალფეროვანი დაბადების დღეები მქონია როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ. ყოფილა ისეც, რომ ჩემს დაბადების დღეს საზღვარგარეთ გასტროლები დამთხვევია. ამ გადმოსახედიდან შემიძლია გარკვეულწილად შევაფასო განვლილი წლები და ვთქვა, რომ უმდიდრესი ადამიანი ვარ ჩემი მეგობრებით და იმ ადამიანებით, რომლებიც ღმერთმა შემომიკრიბა გარშემო ჩემი ცხოვრების მანძილზე და ეს გრძელდება მუდამ. ახალი თაობა, რომლებიც ჩემზე ძალიან უმცროსები არიან, ამ თაობაშიც უხვად მყავს მეგობრები, ძირითადად მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები და შემიძლია ვთქვა, რომ უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს მათთან და მათთვის ყოფნა.

გადაცემის ლაივი LIVE

 

– ნიკა, თუ შეგიძლიათ ძალიან მასშტაბურ პროექტზე, ,,დოიჩე გრამაფონზე” ცოტა დეტალურად რომ გვესაუბროთ?

ეს ჩემი ყველაზე ბოლო პერიოდის ნამუშევარია, რომელიც ძალიან მალე გამოვა აუდიოდისკის და ფორფიტის სახით მთელ მსოფლიოში. ეს არის ლიზა ბათიაშვილის ალბომი ჩემთან ერთად, სადაც თავმოყრილია 12 კომპოზიცია, მათ შორის არის ჩემი მუსიკაც და ჩემი გაორკესტრებული მუსიკაც, ანუ კომპოზიციები ვიოლინოსთვის, ორკესტრისთვის და სხვა ინსტრუმენტებისათვის, იმ მუსიკოსებისათვის,რომლებიც Guest Artist-ების სახით გვიერთდებიან ამ კომპოზიციებში. მე მგონია, რომ ეს გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ალბომი არა მხოლოდ ლიზას ბიოგრაფიაში, არამედ ,,დოიჩე გრამაფონის” მიერ გამოცემულ უზარმაზარ კოლექციაშიც, სადაც თავისი ადგილი ექნება ამ ალბომს.
1 ივნისს ბერლინში უნდა ყოფილიყო დისკის გრანდიოზული პრეზენტაცია და ბერლინის სიმფონიურ ორკესტრთან ერთობლივი კონცერტი, ამ ალბომის უკვე სცენაზე გაცოცხლება უნდა მომხდარიყო. ძალიან მწყდება გული, რომ ეს პრეზენტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა, ეს აუცილებლად მოხდება და არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოდან დაიწყოს ეს ტურნე, რადგან მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ელოდება ამ პროექტს, მიწვეულები ვართ და ახლა ჩვენთვისაც, ისევე როგორც ყველასთვის მთავარია მშვიდობიანად დასრულდეს პანდემია მთელ დედამიწაზე.

– მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2,5 თვეა თვითიზოლაციაში ვიმყოფებით, ამ პირობებშიც როგორი პროდუქტიული შეგიძლიათ იყოთ, ეს ჩვენ ვნახეთ თუნდაც ანიტას კონცერტიდან გამომდინარე. ეს კონცერტი საოცარი საჩუქარი იყო ყველა ჩვენგანისათვის, რადგან კულტურის გარეშე ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს.გარდა ამისა, მომივიდა ამბები, რომ ბათუმში კერძების კეთება გისწავლიათ. რომელ კერძებს ამზადებთ დიდი სიამოვნებით?

სხვათა შორის ამ კარანტინში ისეთი საჭმელების გაკეთება ვისწავლე. ვამზადებ ღუმელში გამომცხვარ ორაგულს და ისეთი გემრიელი გამომდის, რომ ძალიან მწყდება გული, მხოლოდ მე რომ მივირთმევ და სხვებს ვერ ვასინჯებ.

– გარდა იმ კონცერტისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. გარდა იმ საინტერესო პროექტებისა, რომლებზეც სავარაუდოდ მუშაობა მიმდინარეობს, მე მაინტერესებს რაიმე კონკრეტული ხომ არდაიწერა? მინდა ვახსენო ის იტალიელი ხალხისადმი მიძღვნილი ნამუშევარი, რომელიც სხვათა შორის ძალიან პოპულარულია იტალიაში. როგორც მე ვიცი ბევრ რადიოსადგურზე ჟღერს ეს კომპოზიცია და კლიპიც აქტიურად ტრიალებს იტალიურ არხებზე. რა არის ამ კლიპის მთავარი მესიჯი?

მთავარი მესიჯი არის კეთილი სურვილები და იმედი იმისა, რომ ყველა განსაცდელს ჩვენ გავუმკლავდებით და გავაგრძელებთ ცხოვრებას. რასაკვირველია მსგავსი ტრაგიკული ისტორიები, როგორებიც სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორიაში უხვად იყო, ერთის მხრივ ძალიან დიდი განსაცდელია და რთულად გადასატანი, მაგრამ მეორეს მხრივ დიდი პასუხისმგებლობა აქვს ყველა გადარჩენილს, რომ უკეთესი გახადოს სამაყარო. რადგან ღმერთმა ინება, რომ ჩვენ ვართ ჯანმრთელად და ღმერთმა ქნას ასეც იყოს, ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში გაცილებით იოლ ფორმებში წარიმართა ეს მსოფლიო გამწვევა, მგონი ჩვენ გვიზრდის პასუხისმგებლობას, რომ გავამხნევოთ ჩვენზე დიდ გასაჭირში მყოფი ადამიანები და ამისთვის მივმართოთ ყველა საშუალებას: შემოქმედებითს, მატერიალურს, მორალურს. და ალბათ მთავარი სათქმელიც ეს იყო ამ მუსიკაში, მართალია ეს ყველაფერი მძიმეა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მზიანი და ამის გამო ეს მასალა უფრო იმედიან ტონალობაშია, ვიდრე ტრაგიკულში. მე არ მქონდა იმის ასახვის სურვილი, რაც ხდება, მე უბრალოდ ყველას გამხნევება მინდოდა .

– მას შემდეგ, რაც ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება, რაც ყველა შეზღუდვა მოიხსნება, რას გააკეთებს ნიკოლოზ რაჭველი პირველს?

პირველი რასაც გავაკეთებ – დავნიშნავ ორკესტრის შეკრებას და რეპეტიციას. ერთი სული მაქვს სანამ შევხვდებით და პირველ აკორდს ავიღებთ ერთად. ამდენი ხანია არ დაგვიკრავს, ორკერსტრს კი სჭირდება მუდმივი ვარჯიში, შესაბამისად ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო ფორმის აღსადგენად, თუმცა არა დიდი დრო, რადგან ვიცი, რომ ყველა ჩემი კოლეგა სახლში აგრძელებს მეცადინეობას. რასაკვირველია, როდესაც შესაძლებელი გახდება ჩვენი შეკრება, ეს მოხდება რეკომენდაციების დაცვით, თუმცა ამ მომენტს მაინც ყველაზე მეტად ველოდები. გარდა ამისა, ძალიან ველი იმ მომენტს, როცა შემეძლება ჩემს საყვარელ ადამიანებთან ჩახუტება. ახლა ყველას დისტანციურად ვესალმები და ეს ჩემთვის ცოტა უხერხულია. (იცინის)

– ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, რამოდენიმე სიტყვა გვითხარით ,,გურიის მთებზე”. მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის კომპოზიცია, რომელსაც ნატო მეტონიძე და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ასრულებენ, მისი ტექსტი გალაკტიონს ეკუთვნის, მუსიკა კი ნიკოლოზ რაჭველს.

ყველამ იცის ჩემი და ნატო მეტონიძის მრავალმხრივი და მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია, რომელიც უკავშირდება გია ყანჩელის მუსიკას. მაგრამ გარდა ამისა, არსებობს ერთი კომპოზიცია, რომელიც არის ჩემი შექმნილი ნატოსთვის. საკმაოდ დიდი პერიოდის წინ, მე რაღაცნაირად ყოველთვის მოკრძალებულად ვუყურებდი საკუთარ მუსიკას. თან ეს სიმღერა არ ჯდება არც ტრადიციული სიმღერის ფორმატში და არც სიმფონიური მუსიკაა, ეს არის რაღაც შუაში. ეს არის სიმღერის, ბალადის, სიმფონიური თხზულების და ელექტრონული მუსიკის ერთგვარი სინთეზი, მაგრამ ეს ყველაფერი ნატოს შესანიშნავი შესრულებით დაგვირგვინდა და ვისაც ეს სიმღერა მოსმენილი აქვს, მათთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ კომპოზიციის სიყვარულის ალბათ მაინც გალაკტიონის ლექსია, რომლის მიხედვითაც მე ეს სიმღერა მივუძღვენი ჩემს ქვეყანას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები