LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმძიმესი ტრაგედიები ხელისუფლების უმოქმედობის, დაუსჯელობის, ძალადობის წახალისების შედეგია – ქვეყანას პატრონი არ ჰყავს: ნათია მეზვრიშვილი

67
ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, ​ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება დაწერს, რომ „უმძიმესი ტრაგედიები ხელისუფლების უმოქმედობის, მოშლილი სახელმწიფო აპარატის, გულგრილობის, დაუსჯელობის, ძალადობის წახალისების შედეგია“.

მისივე განცხადებით, „რა უბედურებაც ახლა გვჭირს, იმაში უპირველესი დამნაშავე ხელისუფლებაა, რადგან სახელმწიფო თვითდინებაზეა მიშვებული და უმძიმესი შედეგები სახეზეა. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს“.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, „როცა ვიგებთ, რომ მკვლელის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული ან ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება არ იყო დაკისრებული, პასუხისმგებელი პირი შესაბამის უწყებაში უნდა ვეძებოთ, ვინაიდან რისკების სათანადოდ შეფასების საფუძველზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემა, გამოცემის შემდეგ მისი მონიტორინგი, ელექტრონული სამაჯურის გამოყენება და მოძალადის ქცევის მონიტორინგი პოლიციის ვალდებულებაა“.

„70 წლის მონაზონი გააუპატიურეს (აქამდე ვერაფერი ვთქვი, გონებამდე ვერ მივუშვი). ყოველთვის ვცდილობ მოზომილი ვიყო ასეთ მძიმე ფაქტებზე ხელისუფლების კრიტიკისას და პოლიტიკური ხასიათი არ შევძინო, მაგრამ ეს აღარაა პოლიტიკა.

მინიმუმ ბოლო სამი დღეა ტრაგედიებს (ქმარმა ცოლი დაწვა – ცეცხლი წაუკიდა. 12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა) ვითვლით და დიახ, ამაზე უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რომლის წარმომადგენლები გუშინ (და ალბათ, დღესაც) ფეისბუკზე მოთქმა-გოდებით და კეკლუცით იყვნენ დაკავებულები. რეალურად, მათ ხელშია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი ბერკეტები. მინდა გითხრათ, რომ პოსტებით ვერ გაძვრებით. რომ მივხვდი, პოზიტიურ დღის წესრიგს ვეღარ ვქმნიდი და თვის ბოლოს მხოლოდ ხელფასს ვიღებდი, გადავდექი. ხოდა ან იმოქმედეთ, ან სინდისმა შეგაწუხოთ და წადით სახლებში (ბოლო-ბოლო ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, რომელსაც ვერ და არ შველით).

არავის ეგონოს, რომ ეს მხოლოდ საზოგადოების პრობლემაა და ერთ დღეს გავველურდით. ეს უმძიმესი ტრაგედიები ხელისუფლების უმოქმედობის, მოშლილი სახელმწიფო აპარატის, გულგრილობის, დაუსჯელობის, ძალადობის წახალისების შედეგია. ორი დღის წინ ვთქვი, დანაშაულის სტატისტიკა იმალებათქო და ოცნებამ უკადრებელი იკადრა. უმძიმესი ფაქტები სახეზეა.

მარტივად რომ ვთქვათ ხდება შემდეგი:

ფსევდოპატრიოტ, პოპულისტ პრემიერს „უტყდება“ ქალების დაცვა და დუმს. ის კი არა, თავისი მრჩეველი რომ დანიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ტიტულს გენდერული თანასწორობა მოაშორა.

შს მინისტრს დანიშვნის დღიდან ამ თემაზე ხმა არ ამოუღია. შს მინისტრის მოადგილე დინებას მიყვება.

მუშაობენ რიგითები, რომლებიც პოლიტიკას ფიზიკურად ვერ შექმნიან. აბსოლუტურად გასაგებია, პროფესიონალი რიგითების გულისტკივილი, რომ მათი შრომა არ ჩანს. არ გამოჩნდება და ამის მიზეზები პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში უნდა ეძებონ და თავად ადამიანის უფლებების დაცვა გააგრძელონ (ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი).

არც ერთი სამინისტრო (მათ შორის განათლება, ჯანდაცვა) არ თვლის, რომ ძალადობის პრევენცია მისი ფუნქციაა. ბრალდებულს დააკავებენ და ეს ჰგონიათ ქმედითი რეაგირება. აქამდე რომ მათი უმოქმედობით მივიდა საქმე, იმას არ და ვერ აცნობიერებენ.

უწყებებს შორის კოორდინაცია ნულს უდრის. პროკურატურას ჰგონია ცნობიერების ამაღლების კამპანიას თუ ჩაატარებს (რაც კარგია, მაგრამ არც საკმარისი და არც პროკურატურის საქმე), მოხსნილი აქვს დანარჩენი პასუხისმგებლობა. შსს-ს ჰგონია, პრეზენტაციის ჩატარებაა საქმე. განათლება და ჯანდაცვა საერთოდ ჩირგვებშია დამალული.

უწყებები მუდმივად თავის მართლებისა და ერთმანეთზე გადაბრალების რეჟიმში არიან. არანაირი ერთობის განცდა და საერთო მიზნისთვის ბრძოლა. ქალს მოკლავენ და პროკურატურა სასამართლოს აბრალებს, შსს პროკურატურას. კოორდინაციის ჯაჭვი რომ მორღვეულია, ამაზე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. იცით რატომ?

მოშლილ სახელმწიფოში, სადაც პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის (და არა ხალხის) წინაშე არსებობს, რომელსაც აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვს, არავის უნდა გამწევი ძალის როლში ყოფნა და ლიდერშიპის აღება. რისთვისაც ფასდებიან (მაგ.: პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, უკანონო მოსმენისთვის, თვალთვალისთვის, ნეპოტიზმისთვის, კორუფციისთვის და ა.შ.), პოლიტიკური თანამდებობის პირები იმით არიან დაკავებულები.

ხარისხის გაზრდაზე ორიენტირებული რეფორმები გააჩერეს, სტატისტიკის დევნა და დანაშაულის დაფარვა დააბრუნეს, ძალადობას მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან ახალისებენ და ამართლებენ. რაზეა საუბარი საერთოდ?

ამ სრული უმოქმედობის ფონზე, ყველა ჯერზე, როგორც კი მძიმე შედეგები დგება, იწყებენ აქცენტების საკანონმდებლო და პროცედურულ ცვლილებებზე გადატანას. რეალურად კი პრობლემა უმოქმედობაში და არაპროფესიონალიზმშია. ამისი ერთ-ერთი მაგალითია გუშინ არაერთხელ გაჟღერებული მოსაზრება ელექტრონული სამაჯურების და შემაკავებელი ორდერების არაეფექტიანობის შესახებ.

რეალურად ერთიც მუშაობს და მეორეც, ერთსაც და მეორესაც არაერთი ქალი უხსნია სიკვდილისგან. როცა ვიგებთ, რომ მკვლელის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული ან ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება არ იყო დაკისრებული, პასუხისმგებელი პირი შესაბამის უწყებაში უნდა ვეძებოთ, ვინაიდან რისკების სათანადოდ შეფასების საფუძველზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემა, გამოცემის შემდეგ მისი მონიტორინგი, ელექტრონული სამაჯურის გამოყენება და მოძალადის ქცევის მონიტორინგი პოლიციის ვალდებულებაა. შსს-ს ვალდებულებაა ამ მხრივ პოლიციელების სათანადო გადამზადება და კვალიფიკაცია უზრუნველყოს. 2 წელია ელექტრონული სამაჯური ამოქმედდა და ახლა დადგინდა, რომ პრობლემა ყოფილა?

მოკლედ, რა უბედურებაც ახლა გვჭირს, იმაში უპირველესი დამნაშავე ხელისუფლებაა. სახელმწიფო თვითდინებაზეა მიშვებული და უმძიმესი შედეგები სახეზეა. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

 

70 წლის მონაზონი გააუპატიურეს (აქამდე ვერაფერი ვთქვი, გონებამდე ვერ მივუშვი). ყოველთვის ვცდილობ მოზომილი ვიყო ასეთ მძიმე…

Posted by Natia Mezvrishvili on შაბათი, 26 ნოემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g