„ნახევარი თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა. მთავარი კითხვაა შეიძლებოდა თუ არა ჩვენს ქვეყანას 20 პროცენტი არ დაეკარგა და პასუხი გაეცათ მათ ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა და ამ ეტაპამდე მიიყვანა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოხდა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ფრიდონ ინჯიამ, რომელმაც დღეს აგვისტოს ომის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი ამბობს, რომ მმართველი გუნდის ლიდერებთან კონსულტაცია არ ჰქონია და მხოლოდ დღეს გაიგეს, რომ უმრავლესობა მათ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
„დღეს გავიგე მამუკა მდინარაძისგან, რომ უმრავლესობა მიესალმება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. უმრავლესობის ლიდერები ვერ ამბობდნენ იმ სიმართლეს რომელიც საქართველოში ყველამ იცის. ისინი გვერდს უვლიან ამ თემას, ზოგჯერ იფიქრებს კაცი რომ არ აინტერესებთ. სიმართლის დადგენა სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და ხელისუფლებასაც, რადგან თუ რაიმე დანაშაული ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს მათ არ გაიმეორონ“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ გადაცემაში „დღის თემა.“
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, იმის შესახებ რომ ევროპელი სოციალისტები კრემლის დავალებას ასრულებენ, ფრიდონ ინჯიამ ასე უპასუხა “თუ ოპოზიციის ლიდერებმა რამე იციან მათ კომისიის მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ყველა კითხვას პასუხები სწორედ იქ გასცენ.”
