LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

193
პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო „საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე – ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს მხოლოდ 1-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 64 წინააღმდეგი იყო.

პრეზიდენტს კანონპროექტის პირველად ვერსიაზე ხელმოსაწერად გადაგზავნიდან ხუთი დღე აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, ამას ასევე ხუთი დღის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გააკეთებს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან.

ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

„საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლება.

ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, რომ ეს კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. პრეზიდენტის ვეტოში ნათქვამია, რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი „შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც „მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს”

magti 5g