მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის წინასასამართლო პროცესი გრძელდება.
სასამართლოში პროცესს ხუთივე ბრალდებული ესწრება. ადგილზე იმყოფებიან მათი ოჯახის წევრებიც, რომლებიც, როგორც ცნობილია, გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.
ადვოკატების თქმით, საქმის მასალიდან აუცილებლად უნდა ამოიღონ ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები. თუმცა გურამ ამირხანაშვილს, ვახო ახვლედიანს, კოკო ღიბრაძესა და გიორგი ქათამაძეს, ასევე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს, ისინი ამ სახელებით არ მოიხსენებენ და ამბობენ, რომ ესენი არიან ცრუმოწმეები.
მათი განცხადებით, პირებმა რამდენჯერმე შეცვალეს ჩვენება და მათი მხრიდან მისი დაზუსტება არ მომხდარა.
არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი:
„არაერთი შუამდგომლობა გვექნება მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, გამოსაკითხ პირთა ამორიცხვასთან მიმართებით, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით რელევანტურ ინფორმაციას არ იძლევიან. შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე საუბარია გურამ ამირხანაშვილთან მიმართებაშიც, მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმეტი არის კანონის დარღვევით მოპოვებული.
შემიძლია ვთქვა, რომ გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე, კოკო ღიბრაძე, გიორგი ქათამაძე, გამოძიებას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან და ისინი ჩვენი შეფასებით ცრუ მოწმეები არიან”.
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამოიღონ, უსაფუძვლოა.
“დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს ჩვენი მოსმენა უფრო დიდ ხანს მოუწევს, ვიდრე ჩვენ მათი. რა თქმა უნდა, ჩვენი შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას, რომელიც მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამორიცხვას შეეხება. რაც შეეხება მოტივაციას და არგუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, საფუძვლიანი, დასაბუთებული არ არის. ისინი ითხოვენ მოწმეების ამორიცხვას, რომელიც უბრალოდ არ აწყობთ, პირდაპირ გეტყვით მათ სხვა მიზეზი არ გააჩნიათ”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.
დღეს გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მორაგბემ არჩილ გაგნიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის უდანაშაოლობაზე და „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ის საკუთარ უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებს.
“კაცი ვარ და გავუძლებ: ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე დუმილს არღვევს
შეგახსენებთ, გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამტკიცებს, რომ თუ მისი დაცვისქვეშ მყოფმა შაქარაშვილი მოკლა და წყალში გადააგდო, ასევე მოექცეოდა გური ამირხანაშვილსაც.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. აქედან ბრალდების მხარე 5 პირს ახალგაზრდა ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება.