ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესისთვის შეიძლება შემოსავლების დაკლებას იწვევდეს, თუმცა უნდა ავარჩიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, კონკრეტული დარგის ბიზნესი თუ ის ადამიანები, ვინც ზარალდებიან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სათამაშო ბიზნესის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას პარლამენტში ჯერ არ წარუდგენია, მიმდინარეობს მასზე მუშაობა, ხოლო ფინანსთა მინისტრს შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა ექნება.
„პარლამენტში ძალიან ბევრჯერ მივიღე კრიტიკული შეფასება იმის თაობაზე, რომ სათამაშო ბიზნესის 33- მილიარდიანი ბრუნვა აქვს და სათანადოდ არ იბეგრება. ძალიან ბევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დააყენა ინიციატივა, თუ რატომ არ იბეგრება სათანადოდ სათამაშო ბიზნესი. როცა საუბარია 33-მილიარდიან ბრუნვაზე, ამ დროს ბიზნესის მხრიდან თვითგადარჩენაზე საუბარი ნამდვილად არასწორია.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვები მთელს მსოფლიოში არსებობს და უნდა არსებობდეს. ინტერესია არა ის, რომ ბიუჯეტში მეტი შემოსავლი მივიღოთ, არამედ ინტერესია ის, რომ დაურეგულირებელი სათამაშო ბიზნესი ახალგაზრდობას დიდი ზიანს აყენებს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.