უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვებს სწავლა? – საკითხზე წიგნის „თავისუფალი ბავშვი – თავისუფალი ადამიანი“ ავტორი, ლევან რამიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, „მთელი კონგლომერატი წარმოდგენების გვაქვს ამოსაყირავებელი, რადგან ჩვენთვის სწავლა არის როდესაც იზუთხავ“.
ბავშვთან ურთიერთობის პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორი ამბობს, რომ სწავლას თავისი ბუნებრივი კრიტერიუმები აქვს:
„ბავშვს თუ არ დააძალებ სწავლას ის არ გამოვა განათლებული – სოციალური ჰიპნოზის პოსტულატი გვეუბნება, რომ ბავშვი თუ თავისუფალი იქნება ის იქნება ცუდი – შეჭამს მარტო კანფეტებს და ითამაშებს, თუმცა თამაშში არაფერი ცუდი არ არის და თამაში არის ის, რითაც ვითარდება ადამიანი და არ ისწავლის. მერე მივდივართ იქამდე თუ რა არის სწავლა. ყველაზე ეფექტურად, ესეც ნეიროფიზიოლოგიამ დაადასტურა, რომ ადამიანი სწავლობს სწორედ თამაშით, ანუ მთელი კონგლომერატი წარმოდგენების გვაქვს ამოსაყირავებელი, იმიტომ, რომ ჩვენთვის სწავლა არის როდესაც იზუთხავ – ეს არ არის სწავლა, არა დაზუთხვის, არამედ გამოცდილების მიღების გზით და სწავლას თავისი ბუნებრივი კრიტერიუმები აქვს. პირველი რაც არასწორია და უნდა დაინგრეს ეს წარმოდგენა, რომ თითქოს ბავშვს არაფერი არ აინტერესებს, მეცნიერება გვეუბნება, რომ ბავშვი ამ სამყაროში არის ყველაზე ცნობისმოყვარე არსება. ბავშვის დაბადების წამიდან ყოველი მისი მოქმედება ემსახურება სწავლას იმიტომ, რომ სწავლა მას სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს“, – ამბობს ლევან რამიშვილი.
