უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა და დასძინა, რომ მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს იმ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით, რომელთა ეფექტიანობის თვალსაზრისით კითხვები არსებობს.
„სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რა მიმართულებითაც ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ყველა ის სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და უნდა დავიწყოთ ამ საწარმოების მართვის ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა, ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრი. ამ ნაწილში ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს და ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი,“- განაცხადა გახარიამ.
პრემიერობის კანდიდატმა საგადასახადო შეღავათებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას მოუწევს ამ საკითხის გადახედვა. „ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება“, – განმარტა პრემიერობის კანდიდატმა.