ნიკა გვარამია, მარეგულირებელ კომისიას 10 ოქტომბრამდე აძლევს ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ რეკლამას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მონაწილეობს, ეთერში განათავსებს.
ნაციონალური მოძრაობის კლიპი არის ხელშემწყობი წინასაარჩევნო აგიტაცია (რეკლამა), ხოლო ევროპული საქართველოსი – ხელშემშლელი (ანტირეკლამა). კანონით კი, საარჩევნო რეკლამა გულისხმობს როგორც ხელშემწყობ, ისე ხელშემშლელ რეკლამას და სრულიად ანალოგიურად განიხილავს ორივეს და, შესაბამისად, მათში უცხო ქვეყნის მონაწილეობის საკითხს.
ნორმატიული რეგულაციის ბუნდოვანების გამო, ჩვენ არ განვათავსეთ არც ერთი კლიპი და ამგვარად თავი დავიზღვიეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ნეგატიურად მიკერძოებული და არაერთი უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიგვეცა მაღალი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა.
ორივე პარტიამ გააპროტესტა ეს ფაქტი. მათი არგუმენტები ჩვენთვის გასაგებია, რის გამოც წერილობით მივმართეთ კომისიას და ცესკოს და მოვითხოვეთ შესაბამისი ნორმების განმარტება.
გვიპასუხა ცესკომ – მიგვითითა კანონზე და გადაგვამისამართა მარეგულირებელ კომისიასთან. გვიპასუხა მარეგულირებელმა კომისიამაც.
ვინაიდან ორი კომპეტენტური ორგანოსგან ვერ მივიღეთ კონკრეტული შინაარსის შემცველი პასუხი, „მთავარი არხი“ კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, რომ მოახდინოს სათანადო რეაგირება, აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ნორმის განმარტების და ბუნდოვანების აღმოფხვრის უფლებამოსილება (რაც, იმავდროულად მისი ვალდებულებაცაა). ჩვენთვის არ წარმოადგენს არავითარ ინტერესს და ვერც სათანადო პასუხად ჩავთვლით მათ ბლანკეტური პასუხებს და შიდაპროცედურულ წარმოდგენებს საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
ის ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია 10 ოქტომბრამდე კონკრეტული შინაარსის შემცველ პასუხს გასცემს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ საჯარო ინტერესის შესაბამისად იმოქმედებს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტს აღნიშულ საკითხს და 10 ოქტომბრიდან ორივე სახის კლიპს განათავსებს ეთერში.
