LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უნდა უსმინო თანამშრომლებს… ლიდერობა ნიშნავს, მოგყვებოდნენ, იზიარებდნენ თქვენს შეხედულებას, გყავდეთ თანამოაზრეები” – იაკო ხომერიკი გადაცემაში ,,წარმატების ფორმულა”

15
iako

გადაცემის ლაივი LIVE

23 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ „APG Cargo“-ს გლობალური დირექტორი, „APG Georgia“-ს და „APG Armenia“-ს დამფუძნებელი და დირექტორი, იაკო ხომერიკი სტუმრობდა, რომელმაც თავის  საქმიანობაზე, მიღწევებზე და წარმატებაზე ისაუბრა.

 იაკო, ამდენი წარმატებული და საერთაშორისო მასშტაბების პროექტების ფონზე და იმ გამოცდილების ფონზე, რაც ამდენი წლის განმავლობაში მიიღე, როგორია შენი წარმოდგენა წარმატებაზე?

ძალიან საინტერესო კითხვაა, ხშირად მესმის ხოლმე და არ ვიცი, რა ვუპასუხო. ალბათ, ყველაზე მთავარი, ოცნების ქონაა. ყველამ უნდა ჰკითხოს თავის თავს, აქვს თუ არა ოცნება. ოცნება თუ გაქვს, მერე უკვე მარტივი ხდება რაღაცები. ოცნება მერე უკვე მიზანი ხდება და ნელ-ნელა პატარა ნაბიჯებით ახლოს მიდიხარ ამ მიზნისკენ. არ არსებობს მიზანი, რასაც შენი მონდომებით და ოცნების ვიზუალიზაციით ვერ მიაღწევ, მთავარია, გქონდეს ოცნება და ზუსტი ხედვა, თუ რისი გაკეთება გინდა. ეს ყველაფერი უკვე ძალიან ბევრი წელია გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე, როცა რაღაც ძალიან გინდა და სულ მასზე ფიქრობ, ნელ-ნელა აუცილებლად ხდება.

რას უკავშირდება შენი ბავშვობის პროფესიული ოცნება?

ჩემი ბავშვობის ოცნება სხვანაირად გაფორმულირდა. ყოველთვის მინდოდა წარმატებული ვყოფილიყავი იმაში, რასაც ხელს მოვკიდებდი, ალბათ, ეს დამოკიდებულება ოჯახიდან და იმ გარემოდან მოდის, რომელშიც იზრდები, მაგრამ ყველაზე მთავარია, შენ როგორ გჯერა შენი თავის. გარშემო შეიძლება ძალიან ბევრმა რამემ შეგიშალოს ხელი, შეიძლება ბევრჯერ არ გამოვიდეს და რამდენიმე ცდის მერე გამოვიდეს. მთავარია, ერთხელ დაიჯერო შენი შესაძლებლობების და მერე უკვე ისე გამოვა ყველაფერი, რომ აღარ გაჩერდება.

როგორია 110 ქვეყნის მმართველობა კომპანიით, შენი ყოველდღიური აქტიური სამუშაო ცხოვრების წესი ?

ძალიან საინტერესოა. 110 ქვეყნის მართვა – ეს არის 110 ქვეყნის კულტურის გაცნობა, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობა და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა, არის ულევი, დაუსრულებელი აღმოჩენა. ჩვენი პროექტის ფარგლებში, უკვე ყველა ქვეყანაში გვაქვს გარკვეული წარმატება და როცა ხედავ შედეგს, წინსვლას და ხედავ, როგორ ცვლი სხვის ცხოვრებას, ეს იმდენად დიდი მოტივაციაა, რომ ვერ ჩერდები და გინდა, რომ ყველას მოედოს ეს ჯაჭვური რეაქცია.

მუდმივად დადებითი ემოციის გადაცემაში ხარ და მაინტერესებს, თანამშრომლებთანაც ასე ხარ?

კი, რადგან ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას. საქმიანი ურთიერთობის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს პირად ურთიერთობასაც, ყველა ადამიანთან თავისებური მიდგომა, თავისებური ემოციური კავშირია საჭირო. თუ შენ ადამიანთან, გუნდთან ისეთ კავშირს და ქიმიას გრძნობ, რომ ხვდები, ერთად ბევრ რამეს შეძლებთ, მერე უკვე ადვილია მიზნების დასახვა და ამ მიზნების განხორციელება.

როგორ პოულობ ჰარმონიას შენს საქმეში, როგორ ხდება შენი შინაგანი მენეჯმენტის დარეგულირება?

ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, არის მომენტები, როცა იმდენად გადატვირთული ხარ, რომ ორგანიზმი გთხოვს დასვენებას. ცოტა ხნით უნდა გაითიშო საქმისგან, თუნდაც 1 დღით,  რომ აღიდგინო ძალები, აღიდგინო მიმართულება, დალაგდე. მერე უკვე თავისით იფილტრება სამსახურიდან გამომდინარე დაგროვილი ეს უამრავი ემოცია, ამაში მეხმარებიან ჩემი საყვარელი ადამიანებიც და ის ადამიანებიც, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, რადგან ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობებს, ამით „ვიტენები“.

ძალიან საინტერესოა „APG Cargo“-ს ამჟამინდელი განვითარების ეტაპები. მიუხედავად იმ რთული პერიოდისა, რომელიც პირველ რიგში სწორედ ავიაკომპანიებს დაატყდათ თავს, არ გაჩერებულხართ.

პანდემიის დროს, როცა ყველაფერი გაჩერდა „Cargo” იყო ერთადერთი, რომელიც არ გაჩერებულა არცერთ ქვეყანაში, პირიქით, უფრო იზრდებოდა. უფრო დიდი გახდა მოთხოვნა, რადგან რასაც ჩვენს გარშემო ხედავთ, ყველაფერი ლოგისტიკასთან, გადაზიდვასთან არის დაკავშირებული, ხდება ან ექსპორტი ან იმპორტი, შესაბამისად, „Cargo” ვერ გაჩერდებოდა, ის რომ გაჩერდეს, მერე უნდა იყოს ეკონომიკის და განვითარების გაჩერება. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ როდესაც დავიწყეთ 25 ქვეყანა ვიყავით, ახლა კი უკვე 60 ვართ, ანუ 3 წელიწადში ჩვენი წარმომადგენლობა 3-ჯერ გავზარდეთ, ეს ძალიან მცირე დრო და ძალიან დიდი მიღწევაა. ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი ვართ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქსელის სიდიდეს და ვფიქრობ, ძალიან მალე მივუახლოვდებით ძალიან მაღალ ციფრს ავიაგადაზიდვებში.

ბევრ სასარგებლო პროექტს გეგმავთ, რას გულისხმობს სიახლე, რომელზეც ახლა ხართ ორიენტირებული?

პირველ რიგში, ჩვენთვის მთავარია ადამიანებისთვის ისეთი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნა, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას, მათი ოჯახების ცხოვრებას, მათი კოლეგების ცხოვრებას. ძალიან დიდია შესაძლებლობები, როცა ამხელა ქსელის წევრი ხარ, ფაქტობრივად აღარ გაქვს საზღვრები და ნებისმიერ ავიაკომპანიასთან, ნებისმიერ ვენდორთან მიგიწვდება ხელი. ჩემი როლია მათი შესაძლებლობების გაძლიერება, გაფართოება. მათ უნდა დავანახვო, რამხელაა მსოფლიო, სინამდვილეში პატარაა, არც ისე დიდია, როცა არ არის საზღვრები. როცა ამას აკეთებ, ხედავ, როგორ ცვლი და აძლიერებ მათ, ამაზე დიდი მოტივაცია არაფერია.

იაკო, ფეხბურთიც გყვარებია. როგორია კლუბის „კვარტალი“ ერთი თვის სამუშაო პროცესი?

ფეხბურთი ძალიან მიყვარს. „კვარტალი“ არის საფეხბურთო კლუბი, რომლის თანამფლობელიც გავხდი და ძალიან მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მომცეს. მე როგორც მეუბნებიან, ერთადერთი ქალი ვარ, რომელიც დაინტერესდა საქართველოში ფეხბურთით, თან ქალთა ფეხბურთით და მისი განვითარებით. ჩემი შესაძლებლობების, კონტაქტების და სპორტის მიმართ ინტერესის გათვალისწინებით, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ვერკვევი ფეხბურთში და ეს არ არის ზედაპირული ცოდნა. მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვუყურებ და ვგულშემატკივრობ, მამა იყო ამის ინსპირაცია. ბავშვობაში ფორმები და ბურთები მქონდა, ფეხბურთს სახლშიც კი ვთამაშობდით. არც წარმომედგინა, რომ ოდესმე შევძლებდი რაღაც გუნდში ჩართული ვყოფილიყავი მენეჯმენტის კუთხით. მე ჩოგბურთელი ვიყავი, ჩემი სპორტული კარიერა არ განვითარდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხასიათს გიყალიბებს, გიჩნდება მოგების სურვილი, თუმცა წაგებაც უნდა მიიღო, რადგან მარტო მოგება არ არის. ალბათ, წაგებაზე მეტჯერ უნდა მოიგო წარმატებული რომ იყო, მაგრამ წაგება და მოგება იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ამან არ უნდა დაგხიოს უკან. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებით და ჩემი მონდომებით ბევრს შევმატებ ჩვენს გოგოებს.

დღეს როგორი გამოხმაურება აქვს გოგოების ფეხბურთს  საქართველოში?

მოდი, ვთქვათ, რომ ცოტა სტერეოტიპული აზროვნება არის ჩვენთან, გოგოს და ფეხბურთს ვერ აკავშირებენ. ჩემი ერთ-ერთი ინტერესია, დაინგრეს ეს შეხედულება. სხვათა შორის, გუნდში რომ მოვხვდი, ძალიან მესიამოვნა, როცა დავინახე, რომ თვითონ მოთამაშეებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ თავისი ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან.

რომელია ის დისკომფორტი, რომელიც ასეთი აქტიური სამუშაო რეჟიმის ფონზე გექმნება?

ფრენა უკვე იმდენად ხშირია ჩემს ცხოვრებაში, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებ აეროპორტში და თვითმფრინავში და უკვე ვერსიები გამომელია, რა შეიძლება ვაკეთო ამ დროს. ბოლო ერთი თვის განმავლობაშიც ისეთ მიმართულებებზე მომიწია წასვლა, ცენტრალურ ამერიკაში, ბევრ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ უბრალოდ შეუძლებელია შეეწყო დროს, საათების მხრივ და ფიზიკურად გჭირდება მწყობრში მოსვლა და დასვენება. ალბათ, ეს არის ერთადერთი დისკომფორტი.

როდის მოდის იმედგაცრუება და როგორ ანეიტრალებ მას? თავად როგორ მოახერხე მენეჯერისთვის, ხელმძღვანელისთვის აუცილებლად დამახასიათებელი თვისებების ჩამოყალიბება? ვგულისხმობ, კრიზის მენეჯმენტს,

ვაღიარებ, რომ არის დისკომფორტი, როცა წარუმატებელია მოლაპარაკება, როცა შენი სერვისით არ ინტერესდებიან და ირჩევენ სხვა ადამიანს. მე თავს ვაძლევ უფლებას, ვაღიარო, რომ დავმარცხდი და მგონი, ყველამ უნდა მისცეს. ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს 15-20 წუთი, მაგრამ მერე ჩემი ტვინი ავტომატურად იწყებს გამოსავლის პოვნას, სხვა მიმართულებით ყურებას, რადგან კონკრეტულ შემთხვევას არ უნდა მისცე იმის უფლება, განსაზღვროს შენი მთლიანი წარმატება. 50 მოლაპარაკებიდან შეიძლება 10% იყოს წარმატებული, მაგრამ ის 10% შეიძლება იმხელა იყოს, რომ საკმარისი იყოს. ამ რამდენიმე წარმატებული პროექტის უკან ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა დგას. უარი არ ნიშნავს, რომ შენ რაღაცას ვერ მიაღწიე ან შედეგი არ იქნება. თუნდაც საქართველოს შემთხვევაში, იყო რამდენიმე წელი, როცა ჩვენ კლიენტი არ გვყავდა და ჩვენ თანამშრომლები, 4 გოგო სულ იმაზე ვფიქრობდით, რა იქნებოდა შემდეგი, თუმცა არ დავნებდით და ჩვენმა დაუღალავმა შრომამ იმხელა შედეგი გამოიღო, რომ აღარ გაჩერდა და სულ მაღლა მიიწევს. თუ რაღაცას ცდილობთ და არ გამოგდით, მაგრამ მოგწონთ ეს საქმე, არ დანებდეთ, აუცილებლად გამოვა.

საინტერესო ცხოვრების წესის ფონზე, რომელია იაკო ხომერიკის უახლოეს მომავალში დასაკმაყოფილებელი კიდევ ერთი ინტერესი, რა დავალებას აძლევ საკუთარ თავს?

ახლა, ჩემი პროფესიის გარდა, რასაც ავიატორობა ჰქვია, ჩემი მთავარი ფოკუსი ფეხბურთია. ვფიქრობ, ალბათ, უფრო სპორტის მიმართულებით განვავითარებ ჩემს თავს.

ბიზნეს ეტიკეტთან დაკავშირებული უკვე კურიოზად ქცეული რამ ხომ არ გახსენდება?

კი, მახსენდება ერთი შემთხვევა. შეხვედრა გვქონდა ბანგლადეშის დედაქალაქში, როცა მოულოდნელად მიგვიწვიეს წინა სატენდერო გასაუბრებაზე. საუდის ნაციონალური ავიახაზების გამოცხადებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტენდერში ვიღებდით მონაწილეობას. ჩავედით შეხვედრაზე და როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაული იყო, მოგეხსენებათ, საუდის არაბეთს ჩვენგან განსხვავებული კულტურა და რელიგია აქვს. შეხვედრაზე რომ შევედით, ჩამოსართმევად გავუწოდე ხელი ერთ-ერთ წარმომადგენელს, არაბ მამაკაცს, ხელი არ ჩამომართვა და რაღაც „ჩაიბუტბუტა“, არ მესმოდა, რას მეუბნებოდა და ძალიან დაჟინებით ვცდილობდი ხელის ჩამორთმევას. ბოლოს მითხრა, ქალბატონო ვერ ჩამოგართმევთ ხელს, რადგან დღესასწაულია და არ შეიძლება ქალს შევეხოო. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. იმის მერე სულ ვითვალისწინებ ვის ვხვდები და მათგან ველი ინიციატივას, თუ არ არის ინიციატივა, ვცდილობ, უფრო თავშეკავებულად მოვიქცე.

თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავს საქმიანი ურთიერთობისას?

ჩემთვის ძალიან მიმზიდველი არის საქმეში ჩართულობა და საქმისადმი ინტერესის ქონა. როცა ინტერესიანი ხარ, ნებისმიერ რამეს წარმატებით გააკეთებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას ვაქცევ, რამდენად ინტერესიანი, რამდენად ჩართული, რამდენად სწრაფია ადამიანი და რამდენად მოსწონს იმ კონკრეტული საქმის კეთება, რადგან ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან თუ რამდენად გსურს ის, რასაც აკეთებ და რამდენად მოტივირებული ხარ. 5 წუთში ვგრძნობ, ადამიანს რა დონეზე აქვს მოტივაცია და სურვილი. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი თანამშრომელი, პარტნიორი, გუნდის წევრი კომფორტულად გრძნობდეს თავს. მთავარია ის გარემო, რასაც უქმნი ადამიანს. შეიძლება საერთოდაც სხვა ქვეყანაში იყოს მეორე პირი და ონლაინ გქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ კომფორტული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია.

როგორი ხელმძღვანელი ხარ?

მგონი, ძალიან ვუყვარვარ ჩემს თანამშრომლებს, რადგან სხვებისგანაც მესმის, პირდაპირაც მეუბნებიან ხოლმე, მაგრამ ხშირად მესმის სხვა ადამიანებისგან ფრაზები „ამიტომ უყვარხარ ასე ძალიან“, „ ამიტომ გცემენ პატივს ასე ძალიან“ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩემთან მუშაობა თან ადვილია, თან არ არის. ადვილია, რადგან ბევრი შესაძლებლობები გაქვს, ჩვენთან არის გულახდილობა, მოტივაცია, ინტერესი, შეგიძლია ჩვენთან განავითარო ყველაფერი, რაც გინდა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თუ შენ დაინტერესებული ხარ, მე ყველაფერში დაგეხმარები. შენ იმდენად წახვალ წინ, რამდენადაც ეს გინდა. ჩვენთან არის სრული კომფორტი, არ არის არანაირი დაძაბულობა, არანაირი შეზღუდვა, პირიქით, რადგან ვფიქრობ, რაც უფრო თავისუფლად არის ადამიანი და რაც უფრო ლაღად არის საქმეში, უფრო პროდუქტიულია და უფრო გრძნობს, რა სურს და როცა ადამიანმა იცის, რა უნდა, მას ვერაფერი აჩერებს.

მენეჯერის რა თვისებაა აუცილებელი გუნდის ფუნდამენტური მართვისთვის?

უნდა უსმინო თანამშრომლებს. ლიდერობა ნიშნავს, მოგყვებოდნენ, იზიარებდნენ თქვენს შეხედულებას, გყავდეთ თანამოაზრეები. ლიდერობა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ იმიტომ უნდა გაითვალისწინონ თანამშრომლებმა რაღაცები, რადგან თქვენ თქვით ასე. ვფიქრობ, გუნდი საერთო ხედვების გარშემო უნდა შედგეს, რადგან თანამოაზრეობა ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან მოდის გუნდის წარმატებაც. ზოგს მეტი თვისება აქვს იმისთვის, რომ გუნდს წაუძღვეს, ზოგი სხვანაირად ახდენს გუნდში კონტრიბუციას.

რამდენად სწრაფად იღებ გადაწყვეტილებას?

ძალიან სწრაფად, ალბათ, წამები მჭირდება და ხშირად მეუბნებიან და ხშირად მესმის ფრაზა „მოდი, დავფიქრდეთ“. რაღაც მომენტებში მაქვს ინტუიცია და ვგრძნობ, სად უნდა ვთქვა კი და სად არა, ალბათ, ეს ძალიან მადგება საქმეში.

ბლიცკითხვები:

იაკო ხომერიკის ჯანსაღი ცხოვრების წესი დღეს,

წყალი და მოძრაობა. დალიეთ ძალიან ბევრი წყალი  და იყავით ფიზიკურად აქტიურები.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

მუსიკა.

რომელი ცხოველი მოგწონს ყველაზე მეტად?

ძაღლი.

საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებს?

პერსონალური საჩუქარი, ანუ ის, რაც პირადად ჩემთვის არის შერჩეული, ჩემზეა ნაფიქრი, ეს შეიძლება იყოს ფურცელზე დაწერილი 2 წინადადებაც.

ფობია, რომელიც დაძლიე ან ჯერ კიდევ გაქვს?

დავძლიე ფრენის ფობია, სხვა არაფერი მახსენდება. რამდენიმე წელი ძალიან მეშინოდა ფრენის, ახლა საერთოდ რეაქციაც არ მაქვს.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ დღის განმავლობაში?

ყველაზე ხშირად ვამბობ სიტყვას ძალიან.

როგორია იაკო სამზარეულოში?

უფრო კვების კუთხით ვარ სამზარეულოში, ვიდრე მომზადების. შემიძლია მომზადება, მაგრამ დრო არ მაქვს და პროდუქტების არჩევაც არ არის ჩემი საყვარელი საქმიანობა.

ალკოჰოლური სასმელი?

სხვათა შორის, ძალიან დიდ პატივს ვცემ ღვინოს. ვარ ღვინის მოყვარული და მიყვარს ახალი გემოების აღმოჩენა. ძლიერი ალკოჰოლიდან ჯინს გამოვყოფდი.

რას გრძნობ ამ სტუდიაში?

ამ სტუდიაში ვგრძნობ ძალიან დიდ სიყვარულს. სიყვარული ჩემი მამოძრავებელი ენერგიაა.

ხატავ?

კი, ვხატავ, მაგრამ ამას უფრო ჩანახატებს დავარქმევდი. ოდესღაც ვხატავდი და ვიტყოდი, რომ გამომდიოდა, ახლა უფრო ჩანახატების დონეზე ვხატავ.

რას დახატავდი გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

ალბათ, შენ დაგხატავდი.

კიდევ მოხვალ ჩვენთან?

აუცილებლად.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას, ნებისმიერ სფეროში?

ბოლო დროს ძალიან არის გავრცელებული მსგავსი ტექსტები „8 წესი თუ როგორ უნდა იყო წარმატებული“ და ა.შ. სინამდვილეში, ჩემი აზრით, ეს ჩამონათვალი არარელევანტურია, რადგან ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს, იმ რვაში შეიძლება 1 ან 2 წესი აღმოაჩინო ისეთი, რაც შენ გეხება და შეგიძლია. ჩემი აზრით, წარმატების ფორმულა არ არსებობს, წარმატების ფორმულა თავად ხარ, ანუ ფორმულა არის ადამიანი და ფორმულა არის ის, რასაც ადამიანი გრძნობს, რაც უნდა, რომ გახდეს და იყოს. მე მომხრე ვარ, რომ ყველანაირი წესი დაინგრეს, რომ არ არსებობდეს საზღვრები, კედლები და ყუთი, რომელშიც უნდა მოვთავსდეთ და რომლის ფარგლებშიც უნდა ვიფიქროთ. ჩემი აზრით, წარმატების ფორმულა არ არსებობს და ზუსტად ეს არის წარმატება. ულევი და დაუსრულებელი შესაძლებლობებია ყველგან და ყველაფერში, ოღონდ ეს ყველაფერი ადამიანისგან უნდა მოდიოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები