LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა ვეცადოთ, რომ იმპორტჩამნაცვლებელი, ექსპორტზე ორიენტირებული ეროვნული წარმოება განვავითაროთ“ – ვახტანგ ჭარაია

17
Capture-27

ბოლო 26 წლის განმავლობაში, 1994 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ვარდნა შარშან, 2020 წელს (კორონავირუსის პანდემიის დროს) დაფიქსირდა. ამ დონის ვარდნა ქვეყნის ეკონომიკას 2009 წელსაც არ ჰქონია, “აგვისტოს ომისა” და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ კი, საქსტატის ცნობით, 6,1% შეადგინა.

რა მდგომარეობაში ჩაიბარა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანა და რა გზით შეიძლება დააღწიოს საქართველომ თავი მძიმე ეკონომიკურ ფონს, აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.

ეკონომისტმა პირველ რიგში, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობამ მალევე უნდა იმოქმედოს, რადგან საქართველოს მისამართით გაჟღერებული გზავნილები ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკაზე, მაგალითად, შესაძლოა მსგავსმა მესიჯებმა, რაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის, უარყოფითად იმოქმედოს ინვესტიციებზე.

ეკონომოსტმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ ღარიბაშვილს რთულ პერიოდში მოუწია ხელისუფლების ჩაბარება, ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო დროინდელ პრობლემებს, გამოწვევა იდგა პანდემიამდელ პერიოდშიც.

„საქართველო ამ მდგომარეობაში ბოლო რამდენიმე ათეული წელი არ ყოფილა, ვგულისხმობ უმუშევრობის მაქსიმალურ ზრდას, ბიზნესების მაქსიმალურ გაჩერებას, სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვნად გაზრდას და მთელ რიგ პროცესებს, თუნდაც ტურიზმის კუთხით, ფაქტობრივად განულებულია, კი შემოდიან ვიზიტორები, მაგრამ რაც ჩვენ გვქონდა ტურიზმის სექტორში, ფაქტობრივად, არაფერი არ შეგვრჩა.

ეკონომისტი პრობლემას პანდემიის მხრივ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხედავს და აღნიშნავს, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდა მსოფლიოს მასშტაბით, შეუძლებელი იქნება ტურიზმის „დაქოქვა“, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა კუთხით სწრაფი აღმშენებლობა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის მთავრობას ახალი კრეატიული მიდგომები მართებს.

„პირველ რიგში ეს იქნება პანდემიის დაძლევა, ასევე საერთაშორისო კონტაქტების მაქსიმალურად ამუშავება, რომ მოგვახმარონ ამ პროცესში და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქართული ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა.

წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკის გზით უნდა ვიაროთ, რადგან მომსახურებაზე ორიენტირებული გზა შეიძლება ცუდი არ არის, თუმცა ძალიან ბევრ რისკს შეიცავს, შესაბამისად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ იმპორტჩამნაცვლებელი, ექსპორტზე ორიენტირებული ეროვნული წარმოება განვავითაროთ, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, როგორც მასობრივი სამუშაო ადგილები შევქმნათ, ასევე დივერსიფიცირება მოვახდინოთ დარგთაშორისი, ასევე საგადასახადო ბალანსი გავაუმჯობესოთ, შესაბამისად, ვალუტის გადინება შევამციროთ და მთელი რიგი ჯაჭვური რეაქციით ამას მოყვება პოზიტიური ეფექტები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი  იყოს დასაქმებული.“-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g