LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტების  რაოდენობის შემცირება – გზა ხარისხის ზრდისკენ თუ პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციისკენ

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ჯერ კიდევ  პარლამენტში  მისი პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ უმაღლესი სასწავლებლები არაგეგმიურად შემოწმდებიან და ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა მათთვის სტუდენტების მიღების შეჩერების საბაბი გახდება.  დღეს კი უკვე  ირწმუნება, რომ უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება და რომელიც დარჩება, ის ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

ხარისხიან სერვისს სთავაზობენ თუ არა უნივერსიტეტები სტუდენტებს, ამას „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი“ ადგენს. უწყება საავტორიზაციო განაცხადების მიღებას თებერვლის ბოლოდან იწყებს და წელს ახალი სტანდარტებითა და ახალი შემადგენლობით ავტორიზაციის გავლა 29 უმაღლეს სასწავლებელს მოუწევს. იქამდე კი, რა ფაქტორებზე დაყრდნობით საუბრობს მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტების ოდენობის შემცირებაზე, უცნობია. 

რას შეცვლის და როგორ უნივერსიტეტების რიცხვის შემცირება, განათლების საკითხების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიზანი არა რაოდენობის შემცირება, არამედ განათლების ხარისხი უნდა იყოს. არასწორი მიზანი კი არასწორ შედეგამდე მიდის.

“მიზანი, რომ დავხუროთ უნივერსიტეტები უკვე არასწორია. უნივერსიტეტები კი არ უნდა დავხუროთ, უნდა უზრუნველვყოთ მაღალი განათლების ხარისხი.  შესაბამისად, არასწორად დასახული მიზანი შედეგებს ვერ მოიტანს. განათლების ხარისხთან ამას არ ექნება შემხებლობა. არც გააუმჯობესებს და არც გააუარესებს. საკითხს თუ დავსვამთ ისე, რამდენადაა შესაძლებელი ამდენ უმაღლეს სასწავლებელში, ამ ადამიანურ რესურსით თუ ფინანსური დანახარჯებით ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, სხვა საკითხია. მაგალითად, თსუ და ილიას უნივერსიტეტი – არც იქ არის ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიცემა იმიტომ, რომ ის პროფესორები, რომლებიც იქ ასწავლიან, როგორც მკვლევრები და მასწავლებლები ვერ აკმაყოფილებენ ხარისხს, მაშინ დავხუროთ ილიას უნივერსიტეტიც და სახელმწიფო უნივერსიტეტიც, თუ დახურვაზე იქნება ორიენტირი,“  –  აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.

ის, რომ უნივერსიტეტების ოდენობის შემცირება, მათი დახურვა და სტუდენტების ნაწილისთვის განათლების მიღების ხელისშეშლა არ უნდა იყოს სახელმწიფოსთვის ამოსავალი წერტილი, ამაზე განათლების საკითხების ექსპერტები ღიად საუბრობენ. მათი თქმით, ამ ნაბიჯით სახელმწიფომ განათლებაში სოციალური ნაპრალი არ უნდა გაზარდოს. 

განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფომ უნივერსიტეტების რაოდენობისა და მათში სტუდენტების ადგილების ოდენობის შემცირების პარალელურად, ასეთი ადამიანებისთვის ალტერნატიული შეთავაზების პაკეტი უნდა გაზარდოს. იქნება ეს პროფესიული განათლება თუ რამე სხვა.

„უნივერსიტეტების ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტები შეიცვალა. ამ კონტექსტში თუ ხარისხს ვერ დააკმაყოფილებს რომელიმე უნივერსიტეტი და ამის გამო შემცირდება მათი რაოდენობა, ეს უფრო ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა იქნება. თუმცა, თუ მექანიკური პროცესი იქნება, ამდენი უნივერსიტეტი უნდა იყოს და ამდენი სტუდენტი, ეს არ იქნება ბუნებრივი პროცესი. თუ  უნივერსიტეტების რაოდენობა ძალიან შემცირდება,  ჩვენ მივიღებთ  ძალიან დიდ მასას, რომელიც იქნება განათლების სისტემის მიღმა და სავარაუდოდ, დასაქმების ბაზრის მიღმა, რაც რთული სოციალური ეფექტის მომტანი იქნება,“  – აღნიშნა აფხაზავამ.  

მისივე თქმით, ყველაზე მთავარია ამ ახალმა მიდგომებმა განათლებაში სოციალური დისბალანსი არ გამოიწვიოს, რადგან დღეის მდგომარეობით, რეპეტიტორთან სიარული განსაზღვრავს მეტწილად უმაღლესში სწავლის გაგრძელებას.

„დღეს უნივერსიტეტში აბარებს ის, ვისაც რეპეტიტორების შესაძლებლობა აქვს. სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს უჭირთ უმაღლესში მოხვედრა. როცა კონკურსი გაიზრდება, მით უფრო გაუჭირდებათ. სკოლა უნდა აძლევდეს ხარისხიან განათლებას, რომ შემდეგ უმაღლეს საფეხურზე სწავლა გაუადვილდეთ. მის მონდომებასა და შრომისუნარიონობაზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა მის რეპეტიტორთან სიარულის ფინანსურ შესაძლებლობაზე. დღეს იმდენად ბევრი ადგილია, რომ ასე თუ ისე სხვებიც ახერხებენ მოხვედრას. თუ ეს ადგილები  მნიშვნელოვნად შემცირდება, მაშინ ჩვენ მივიღებთ ძალიან ელიტურ სასწავლებელს, სადაც მოხვედრა მხოლოდ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე შვილებს შეეძლებათ. ერთეულები ყველგან არიან, აქ საუბარია უმეტესობაზე,“  – აცხადებს აფხაზავა.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g