ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაახლოებით, ერთ თვეში მძღოლებს საშუალება ექნებათ, ბაგებიდან უმოკლესი გზით – ახალი ხიდისა და გვირაბის გამოყენებით გადაადგილდნენ.
„სამუშაოების პირველი ნაწილი იყო საავტომობილო ხიდის პროექტი, რომელიც დასრულებულია და დღეს უამრავი ადამიანი იყენებს ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადასაადგილებლად. მეორე ეტაპი კი იყო უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირება გვირაბით. ეს სამუშაოები გასულ წელს დავიწყებთ და, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. შესაბამისად, მძღოლებს ბაგებიდან უმოკლესი გზით, ახალი ხიდისა და გვირაბის საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გადავანაწილოთ სატრანსპორტო ნაკადები და ის დიდი დატვირთვა, რაც უნივერსიტეტის ქუჩაზე მოდის, მოიხსნას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დღეის მდგომარეობით, გვირაბის კონსტრუქციის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გასასვლელის პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემა. პარალელურად, დაწყებულია მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართოვდება გზა, რისთვისაც საჭირო გახდა იქ არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი იმისთვის, რომ ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.