ევროპოლის და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით, კრიმინალური ქსელის QQAAZZ-ის 20 წევრი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ფაქტს უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციად აფასებს.
უწყების ცნობით, ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება. მათ დააკავეს კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის წევრები, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება მრავალი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, იტალიის, გერმანიისა და შვეიცარიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.
გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.
„დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში“ – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
