LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკში სასტუმროს მშენებლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო

153

 შპს ”ინტერი” ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში სასტუმროს გახსნის.  როგორც ”ფორტუნას”  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული კომპანია სასტუმროს სახელმწიფო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენებს.

”ახალი სასტუმრო ზღვის დონიდან 120 მეტრის დაშორებით მდებარეობს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და შეღავათიან ფასებს შესთავაზებს. დამსვენებლებს შეეძლებათ ისარგებლონ სასტუმროში არსებული რესტორნითა და ორი ღია კაფით, სადაც მაღალი დონის შეფ-მზარეულები სხვადასხვა ტიპის კერძებს შესთავაზებენ სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს დაბა ურეკის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე დადებითად აისახება”, – განმარტეს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

მათივე ცნობით, შპს „ინტერი“, ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროექტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 495 459 ლარს შეადგენს.

სასტუმრო 2017 წლის ივნისში გაიხსნება და  საწყის ეტაპზე  14 ადამიანს დაასაქმებს.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

 

პოპულარულები