“უსაფრთხო მედიაგარემოსთვის” – ამ სახელწოდებით ხვალ, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ და მოთხოვნებსაც ახმოვანებენ:
❗ შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;
❗ დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.
მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“5 ივლისს, “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.
მედიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და შორიდან ადევნებდნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. სამინისტროს ინფორმაციითვე, ფიზიკურ ძალადობასა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 3 პირია დაკავებული.
ქარტიის მოთხოვნებია:
შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;
დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.
მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე.
ხვალ, 12 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.