ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის წერილი დღეს ოჯახს წითელმა ჯვარმა გადასცა. გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზის განმარტებით, წერილიდან ირკვევა, რომ ჭრილობა, რომელიც მას დაკავების დროს ოკუპანტებმა ფეხში მიაყენეს, ჯერ კიდევ მოურჩენელი აქვს.
“როგორ ხარ ირმა, ბავშვები როგორ არიან. დამიკოცნე, უთხარი, მამიკოს უყვარხარ-თქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან. ყველა მომიკითხე. ყველანი მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მოკითხვა ყველას. მე [ფეხი] ჯერ ვერ მომირჩა, მალე მორჩება, ალბათ, და გავივლი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
ანანო მიყვარხარ
მარია მიყვარხარ
ირმას” – წერს ზაზა გახელაძე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე კასპში, 11 ივლისს გაიტაცეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. ოკუპირებული ცხინვალის მტკიცებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძე კარანტინში გადაიყვანეს, რათა დე ფაქტო ხელისუფლება დარწმუნებულიყვნენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ ყოფილა.