საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ-28 მარტიდან.
ამჟამად საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის დასკვნით ფაზაშია.
რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია
ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს:
დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად: საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს https://www.gov.uk/check-uk-visa
ირლანდიის ვიზის მისაღებად: ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურს ქ.სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა)
https://www.dfa.ie/embassies/irish-embassies-abroad/europe/georgia/
ხშირად დასმული კითხვები
რა დროის განმავლობაში შემიძლია ვიმყოფებოდე ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე?
- უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები;
- მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;
- ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ;
- მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
- უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით;
- ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.
შეიძლება თუ არა 90 დღიან პერიოდში მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე?
- დიახ, თუმცა საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში; რეკომენდებულია ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის გამოსათვლელი სპეციალური კალკულატორით.
რა საბუთებია საჭირო?
- მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.
სად და როგორ შემიძლია ავიღო ბიომეტრიული პასპორტი?
- პასპორტის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, ნებისმიერ საზოგადოებრივ ცენტრს, ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრს, საზღვარგარეთ საქართველოს ნებისმიერ საელჩოს/საკონსულოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს.
- დეტალური ინფორმაცია ბიომეტრიული პასპორტის საფასურის შესახებ მისი გაცემის ვადების მიხედვით, ასევე გარკვეულ კატეგორიებზე არსებული შეღავათების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
შემიძლია თუ არა ვიმოგზაურო ბიომეტრიული პასპორტის გარეშე?
- ევროკავშირის/შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტის გარეშე უვიზოდ შესვლა შეუძლებელია. ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში, ვიზის მისაღებად, განაცხადით უნდა მიმართოთ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც აკრედიტებულნი არიან საქართველოში.
რა კითხვები შეიძლება დაგისვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა და რა საბუთების მოთხოვნის უფლება აქვს მას?
- მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის;
- გაქვთ, თუ არა მგზავრობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი? (მაგ.: საქმიანი მგზავრობა, ტურიზმი, მეგობრების, ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება მოგთხოვოთ შემდეგი სახის საბუთები:
- ტურიზმი და დასვენება:
- უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
- სასტუმროს ჯავშანი;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.
- მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.
- იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
- სასტუმროს ჯავშანი;
- სამოგზაურო დაზღვევა
- უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.
- ნათესავების, მეგობრების მონახულება
- მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
- იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).
- მკურნალობა
- იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
- სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
- უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
- მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:
- შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები (შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში);
- ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები და საზოგადოებრივი წესრიგი;
- ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას (გაძევება) ან/და დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავარღვევ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?
- ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე;
შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე
- არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას, ან შიდა უსაფრთხოებას;
- არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;
- არ უნდა იყოს ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით;
- არ უნდა იყოს ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაცია) ან უკან დაბრუნების (რეადმისია) შესახებ გადაწყვეტილების ობიექტი;
- არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი