2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 346.4 მლნ ლარით (2.4 პროცენტით) გაიზარდა და 14.9 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2015 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 7.8 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით დეპოზიტების, ასევე უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდამ.
საანგარიშო პერიოდში, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 77.8 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) და 4.59 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მატება მეტწილად გამოიწვია იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშების ზრდამ. უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, 1.6 პროცენტიანი (70.2 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 4.42 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა აქაც, როგორც ეროვნული ვალუტით გამოსახულ დეპოზიტებში, ძირითადად განპირობებული იყო იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშების ზრდით. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2016 წლის სექტემბერში, უმნიშვნელოდ 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.2 პროცენტს გაუტოლდა.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 61.8 და 78.5 პროცენტს შეადგენდა. სექტემბერში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე გაიზარდა 0.5 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 4.5 პროცენტი. ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით უცვლელია და 8.5 პროცენტს შეადგენს. იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 8.3 პროცენტი. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 8.6 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 3.5 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა 0.4 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 3.6 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე პროცენტები გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 3.5 პროცენტის ნიშნულზეა. 2015 წლის სექტემბერში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 8.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე დარიცხულმა სარგებელმა 0.5 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 3.5 პროცენტს შეადგენს.
2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 126.2 მლნ ლარით გაიზარდა და 16.12 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 5.1 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 6.9 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გამოსახული სესხების მატებამ. სექტემბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 80.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 69.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39.7 პროცენტს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 143.9 მლნ ლარით (2.5 პროცენტით) გაიზარდა და 5.86 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში 84.2 მლნ აშშ დოლარით (1.8 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.53 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.4 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების დაკრედიტების კლებით არის გამოწვეული.
სექტემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 52.2 მლნ ლარით შემცირდა და 369.5 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 44.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.3 პროცენტს გაუტოლდა.
საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის სექტემბერში შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით და 13.9 პროცენტი დაფიქსირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 9.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით და წლიური 17.2 პროცენტი დაფიქსირდა.
ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის შემცირდა 0.6 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 24.1 პროცენტი, ხოლო იურდიული პირების სესხებზე შემცირდა 0.7 პროცენტული პუნქტით და წლიური 11.5 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და წლიური 9.7 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 9.9 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.7 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.2 შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, საბანკო სისტემის უკუგება აქტივებზე (ROA) გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და შეადგენს 2.6 პროცენტს. 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა უკუგება კაპიტალზე (ROE) და 17.6 პროცენტი შეადგინა.