დაღუპული 13 წლის მარიტას სკოლელები ვაკის პარკში, ტრაგედიის ადგილას მივიდნენ. მოზარდებმა შადრევანთან სანთლები დაანთეს და შემთხვევის ადგილზე ყვავილები, სათამაშოები და ჩოგბურთის ბურთები დაალაგეს.
“ძალიან ლამაზი იყო, როგორც ადამიანი, ძალიან მომწონდა”, “სიცოცხლით სავსე იყო მარიტა, ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს როდესაც ჩემპიონი გახდა. ფოტოებშიც კარგად ჩანს მისი ემოციები”, “ძალიან საამაყო გოგო იყო. მე და ჩემი მეგობრები ვტიროდით მთელი ღამე”, – იხსენებენ მარიტას თანასკოლელები.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვე კლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4 – დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.