LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის პოსტი დატოვა

181
ივანე-ვანო-მაჭავარიანი

ვანო მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მისი განცხადებით, “თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვიტა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადაედო”.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.

მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად – მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.

მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.

მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს.

მეამაყება რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად!”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g