ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს ახალ მომსახურებას სთავაზობს.
კლდეშინაკვეთი კომპლექსის ადმინისტრაცია სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტროტრანსპორტით მოემსახურება. სერვისი მუზეუმ-ნაკრძალის ახალი ატრაქცია იქნება, რომელიც ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება. 2 ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადაიყვანს.
ამ დრომდე ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სატრანსპორტო მომსახურებას ვიზიტორებს სააგენტოს ადმინისტრაცია მხოლოდ შიდაწვისძრავიანი ავტომობილით სთავაზობდა, რომელიც ტექნიკურ და ეკოლოგიურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ელექტროავტობუსები მუზეუმ ნაკრძალის მზარდ ტურისტულ დატვირთვაზეა გათვალისწინებული და სამომავლოდ მომხმარებელთა მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს.
სააგენტოს ინიციატივით მსგავსი ტიპის ატრაქცია 4 თვის წინ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალშიც დაინერგა, სადაც დამთვალიერებელს 2 ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი უკვე ემსახურება.