1 ივნისიდან პოლონეთის დედაქალაქში ღამის საათებში (22:00 საათიდან 06:00 საათამდე), ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა შეიზღუდება – გადაწყვეტილება ვარშავის საკრებულომ მიიღო.
შეზღუდვა შეეხება მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებს, მაგრამ არ გავრცელდება ვარშავის შოპენის სახელობის აეროპორტის უბაჟო ზონის (Duty Free) სავაჭრო ობიექტებს. რესტორნები, ბარები და სხვა მსგავსი დაწესებულებები შეზღუდვას არ დაექვემდებარებიან.
საკრებულოს ეს ნაბიჯი წარმოადგენს პასუხს ვარშავის მოსახლეობის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებზე, მათ შორის – ხმაურზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე, სასწრაფო დახმარების უკონტროლო გამოძახებებზე.
ვარშავის საკრებულოს წევრებმა ასევე დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც ქალაქში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ნებართვების საერთო რაოდენობას ამცირებს. კერძოდ, მაღაზიებისთვის საცალო ვაჭრობის ნებართვების რაოდენობა 310-ით მცირდება, სასტუმროების სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის კი 20-ით იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ანტიალკოჰოლური პოლიტიკის გატარებაში პოლონეთის დედაქალაქი მარტო არ არის – 1 ივნისიდან ღამის საათებში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის შეზღუდვას ვარშავის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 100 კმ-ში მდებარე ქალაქი პლოცკიც გეგმავს.
მაზოვიის რეგიონის რიგმა ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა 2025 წელს მსგავსი შეზღუდვები უკვე მიიღეს ან მათი შემოღებისკენ მიმართული რეზოლუციები დაამტკიცეს, ვარშავის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ზომბკიში კი მსგავსი შეზღუდვა ერთი წლით ადრე ამოქმედდა.
