“ახლა გაახილა თვალები და დაინახა საქართველო, – ამის შესახებ განცხადება პოლიტიკოსმა გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გახარიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გახარია “აპარატის ტიპური პროდუქტია”.
„რისი საშუალება არ მომეცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში? რატომ „მესამე ძალა“? იმიტომ, რომ ეს არის იდეოლოგია, ეს არის ტრიბუნა, ეს არის ადამიანები, რომლებიც ჯერ მოგისმენენ, შემდეგ დაფიქრდებიან, შემდეგ თუ საჭიროდ ჩათვლიან შეგეკამათებიან და შემდეგ კოლექტიურ გადაწყვეტილებამდე მივდივართ. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას მოკლებული ვიყავი იმიტომ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც შეიძლება ჰქონდეს ყოფილ მმართველ პარტიას ეს არის ოპოზიციაში ძალიან დიდხანს ყოფნა – იკარგება ორიენტირი და იკარგება საქართველოს მოქალაქესთან კავშირი.
გახარია, ეს ადამიანი ხომ ტიპური პროდუქტია აპარატის? ახლა გაახილა თვალები და დაინახა საქართველო. ერთი წლის წინ პროკურატურა იყო ისეთი, რომ შეერთებულ შტატებს არ დაესიზმრება, სასამართლო გვქონდა ისეთი დამოუკიდებელი, რომ ხელით ვაკავებდით, რომ საერთოდ არ გასულიყვნენ მომსახურების ზონიდან, ეკონომიკა რიხინით მიდიოდა და უკვე ნორვეგიას და შვეიცარიას გადაუსწრო და ადამიანის უფლებები ყვაოდა და უცებ, აღმოჩნდა, რომ ეს არაფერი აღარ არის. მე „ქართულ ოცნებაში“ ხომ არ შევსულვარ, მე შევუერთდი ოპოზიციურ გაერთიანებას და შევუერთდი იმიტომ, რომ ფანტასტიური, მყისიერი შედეგის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ეს იდეა აღარ მოკვდება. დღეს კოალიციური მთავრობა საჭიროა ეროვნული თანხობისთვის, მკაცრად განსაზღვრული წესებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.