“ესტონთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის გამთლიანებისთვის” – ამის შესახებ განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კალე ლაანეტს უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.
“ესტონეთი ყოველთვის აცხადებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა იმ მოვლენების ხილვა, რაც კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ არის მოქცეული.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს გამთლიანებისთვის.” – განაცხადა კალე ლაანეტმა.
როგორც სუს-ში აცხადებენ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია რუსეთის მიერ გატარებულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, მათ შორის ოკუპაციაზე, ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკასა და დეზინფორმაციაზე.