6 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური დაზიანდა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რუსეთის თავდასხმის შედეგად სადგურის გადამუშავებული ატომური საწვავის საცავის ზონაში დაზიანდა ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რომელიც რადიაციული კონტროლის სისტემის ნაწილს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სამი სენსორის მუშაობაზე.
ასევე დაიჭრა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი დაცვის თანამშრომელი. მაგრამ გადამუშავებული ბირთვული საწვავის კონტეინერებზე ან ობიექტის დამცავ პერიმეტრზე თვალსაჩინო დაზიანება არ გამოვლენილა.
ამავდროულად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსები უკრაინის ქალაქებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში უნამუსოდ დამალულები ბომბავენ.
“ნიკოპოლის რაიონი. 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მშიშარა რუსებს სხვა არაფერი შეუძლიათ, ამიტომ ისინი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში უნამუსოდ დამალულები ურტყამენ ქალაქებს “, – წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.
მისივე განცხადებით, ვერც ერთი დამნაშავე ვერ გადაურჩება სასჯელს, რადგან ცნობილია იმ რუსების ვინაობა, რომლებიც ბრძანებებს ასრულებენ.
ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუყოვნებლივ გადასცეს.
„რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში, მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და დაცული მუშაობა“, – აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები.