“პროდუქტების ფასების დაფიქსირებაზე ჩვენ არასდროს გვისაუბრია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენი სამინისტრო ახდენს ფასების მონიტორინგს, რომ გვქონდეს ინფორმაცია და ვიცოდეთ რეალურად რა სიტუაციაა კონკრეტული ობიექტებიდან. მაგრამ არასდროს არ ყოფილა საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ ფასის დაზღვევას ვახდენდით. ჩვენ ვახდენდით საკურსო სხვაობის დაზღვევას ბიზნესებისთვის, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფასს არ გაზრდიდნენ. ფასის დაფიქსირება ვერ იქნებოდა შესაძლებელი, ამას მთლიანი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, მაგრამ ეს იქნებოდა შემარბილებელი ელემენტი, რამაც მოგვცა შეღავათი და იმ პროდუქტების კალათა, სადაც ჩვენ გვქონდა ინტერვენცია, სხვა სასურსათო პროდუქტებთან შედარებით ნაკლებად გაძვირდა”, – განმარტა მინისტრმა.
ლევან დავითაშვლმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სასურსათო პროდუქტებზე ფასების დაწევას უნდა ველოდოთ.
“რაც შეეხება სამომავლო პერპექტივას, ყველა მნიშვნელოვან სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტზე კლებაა (მაკარონზე, ზეთზე და ა.შ), ველოდებით ფასების კიდევ ქვემოთ სვლას მომდევნო თვეების განმავლობაში. ეს არის საერთაშორისო ტენდენცია. ამავე დროს ჩვენთან შემოდის სეზონური ქართული პროდუქტი, ბოსტნეული და ა.შ. ასე რომ, ინფლაციური წნეხი, რომელიც ძალიან მძიმეა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება , რა თქმა უნდა დაიწევს”, – განაცხადა მინისტრმა.