LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმაზე დასკვნა გამოაქვეყნა – რა წერია დოკუმენტში და როგორია რეკომენდაციები

141
ing (1)

ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც ნაწილობრივ და ბოლომდე შესრულდა, ან შეუსრულებელია.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, თუმცა აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა.

კომისიის დასკვნის მიხედვით, 2023 წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ყურადღება გამახვილებულია 5 ძირითად რეკომენდაციაზე, მათ შორის კი პრიორიტეტად მიიჩნევს პირველ რეკომენდაციას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას ეხება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტიანად განხილვას, უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას.

კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები აღნიშნულ რეკომენდაციას არ დააკმაყოფილებს. რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ვენეციის დასკვნის მიხედვით, მეორე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეების მივლინებასთან და გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, შესრულებული კვლავ არ არის.

მესამე რეკომენდაცია მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა უკავშირდება – ვენეციის კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია.

მეოთხე ძირითადი რეკომენდაცია მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვას გულისხმობს. კომისიის შეფასებით, აღნიშნული რეკომენდაცია მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

მეხუთე ძირითადი რეკომენდაცია კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას უკავშირდება და კომისიის შეფასებით, ის ნაწილობრივ არის შესრულებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები