LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ დაადო „სიკვდილს ვეტო” და წავიდა, როგორც თვითონ უყვარდა ხოლმე თქმა: „მომავლის მკითხველთან შესახვედრად”… წინ გვაქვს იმის აღმოჩენის დრო, რა ეპოქალური მნიშვნელობის შემოქმედი იყო ის…“ – ლექსო დორეული პოეტ ტარიელ ჭანტურიასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

253
ლექსო დორეული ტარიელ ჭანტურია

ქართულმა საზოგადოებამ და ლიტერატურულმა სამყარომ დიდი დანაკლისი განიცადა – 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია. ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ჟურნალ „არილის“ რედაქტორი ლექსო დორეული.

იგი პოეტთან ბოლო შეხვედრასა და მათ განსაკუთრებულ მეგობრობაზე ჰყვება. ლექსო დორეული აღნიშნავს, რომ ტარიელ ჭანტურიასგან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – სიცოცხლის სიყვარული ისწავლა.

„- თუ მომიგებ, 400 ევროს მოგცემ. ხო იცი, მე წერა მიჭირს, თორემ ნარდის თამაში ვიცი ძალიან, ძალიან კარგად – თქვა, თვალი ჩამიკრა და გააგორა. ორი კვირის წინ ვიყავი ბოლოს სტუმრად. „დრრროული დორეული” – შემეგება და ეგრევე ნარდი გაშალა. შევატყვე, მეტისმეტად ადვილად ვუგებდი და არ მომეწონა… ანგარიშის დამახსოვრებაც უჭირდა და მივხვდი, ვეღარ იყო კარგად საქმე… წაგებაზე ბრაზობდა და… სულ ორჯერ იყო, ადამიანს ნარდი რომ მოვაგებინე: ერთხელ იმ გოგოს დაქალს, რომ შემიყვარდა და მეორედ – ტარიელ ჭანტურიას მაშინ, სულ რაღაც ორი კვირის წინ…

პოეზიის უდიდესი მოთამაშე კაცი, ნამდვილი ჯადოქარი, ჩემი დიდი მეგობარი და ნარდის მთავარი პარტნიორი, ტარიელ ჭანტურია დავკარგე… ადამიანი, რომლისგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე – სიცოცხლის სიყვარული… ვერ დაადო „სიკვდილს ვეტო” და წავიდა, როგორც თვითონ უყვარდა ხოლმე თქმა: „მომავლის მკითხველთან შესახვედრად”. იქნებ, საფლავის ქვებიც ნარდის ქვებივით ცოცხლდებიან… ჩემს თავს ვერ ვპატიობ და შენ მაპატიე, რომ ამ გზაზე ვერ გაცილებ…

ჩვენ კი წინ გვაქვს იმის კვლევის, გააზრების და აღმოჩენის დრო, რა ეპოქალური მნიშვნელობის შემოქმედი იყო ის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები