“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესს მიმოიხილავს და განცხადებას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის შემაჯამებელ ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა, რამდენიმე საყურადღებო შემთხვევაც გამოვლინდა:
? საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა 8-ს აღემატებოდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ხმას აძლევდა სიის მიხედვით პირველ 8 კანდიდატს;
? საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები, მათი ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით;
? საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე შერჩეულ პირს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული;
? საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა;
? საოლქო საარჩევნო კომისიაში კონკურსანტების განცხადებები ერთგვაროვნად, სავარაუდოდ ერთი პირის მიერ იყო შედგენილი;
? უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობას არ იღებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესში.
როგორც ISFED-ის განცხადებაშია აღნიშნული, დადებით შეფასებას იმსახურებს ცესკოს მიერ გასაუბრების პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია.
“ამ გადაწყვეტილებამ გასაუბრების პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას შეუწყო ხელი, თუმცა, ამავდროულად, კონკურსანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თვალი ედევნებინათ თავიანთი კონკურენტების გასაუბრებისთვის და წინასწარ მოემზადებინათ შესაბამისი პასუხები. კონკურსანტების ნაწილმა უარი თქვა მისი გასაუბრების ტრანსლირებაზე, რის გამოც კანდიდატები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ”.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ:
◼ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებად შერჩეულ პირთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არიან დასაქმებულები;
◼ რამდენიმე შემთხვევაში, პროფესიულ წევრებად შერჩეული პირები აფილირებულნი არიან მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან საკუთარი ან/და საკუთარი ოჯახის წევრების ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობიდან გამომდინარე;
◼ საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეულთაგან 2 პირს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ISFED-ში ამბობენ, რომ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ისეთი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში.
“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი კვორუმით არჩევა, კვლავ დღის წესრიგში ტოვებს საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს გამოწვევას, რაც ნდობის ნაკლებობას უკავშირდება.
საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ დონეზე (ცესკოს ახალი წევრების შემთხვევაში 100% და ოლქების შემთხვევაში − 55.05%) კონკურსანტები დაბალი კვორუმით აირჩნენ.
სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციის ვერცერთ დონეზე მრავალპარტიული კონსენსუსითა და პოლიტიკურ აქტორთა მხარდაჭერით კომისიის წევრებთა დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა, გაზრდილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა, კვლავ გამოწვევად რჩება.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.