LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერაფრით გავტეხეთ: ვერც „სამართლებრივი” გზებით დაშინებით, ვერც ფიზიკური თავდასხმით… მოდი, კოზირი „გაიჩითა”, იქნებ ამით დავანგრიოთ მორალურად, ბოლო მოვუღოთ, გავაჩუმოთ, თავი დავახრევინოთ, შევარცხვინოთ, გამოვფიტოთ.. დავატრიალოთ ყველაზე ბინძური პროპაგანდა: ნახეთ, დედამისი შვილზე რას ამბობს… მოკლედ, ჩემი გზა მყარად გრძელდება“ – ნიკო მანაგაძე  

257
ნიკო მანაგაძე

„პირველ რიგში დავიწყებ ბოდიშით. ბოდიში იმ ადამიანებს, ვინც ჩემ კონტექსტში დაუმსახურებელი და (რბილად რომ ვთქვა) არასწორი ბრალდებების ობიექტი გახდა. ვწუხვარ და ჩემი მკაფიო პოზიცია ამ ყველაფერზე იცით“ – ამის შესახებ ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს.

სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც ერთი კვირის წინ თავს დაესხნენ ამბობს, რომ ამ ფიზიკურ თავდასხმაზე ბევრად მტკივნეული ის იყო, რაც 2 დღის წინ ყველამ ნახა. მანაგაძის თქმით, ვერანაირი ფიზიკური დაზიანება გავნებს ისე, როგორც ერთმა სიტყვამ და ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ოჯახის წევრისგან მორალურად.

მანაგაძე წერს, რომ სწორედ ამას ემსახურებოდა სამთავრობო პროპაგანდისტული საშუალებების მხრიდან დედის მის წინააღმდეგ გამოყენება:

„დადგა დრო, ვრცლად:
პირველ რიგში დავიწყებ ბოდიშით. ბოდიში იმ ადამიანებს, ვინც ჩემ კონტექსტში დაუმსახურებელი და (რბილად რომ ვთქვა) არასწორი ბრალდებების ობიექტი გახდა. ვწუხვარ და ჩემი მკაფიო პოზიცია ამ ყველაფერზე იცით.
ნამდვილად არ იყო ბოლო დღეები მარტივი ემოციურად. არ მიყვარს ხოლმე შემჩნევა, მაგრამ ისედაც ყველას კარგად გესმით, რა ხდება ამის მიღმა..
1 კვირის წინანდელ ფიზიკურ თავდასხმაზე ბევრად უფრო მეტად მტკივნეული ის იყო, რაც 2 დღის წინ ყველამ ნახეთ. ვერანაირი ფიზიკური დაზიანება გავნებს ისე, როგორც ერთმა ასეთმა სიტყვამ და ქცევამ შეიძლება გიქნას ოჯახის წევრისგან მორალურად. და რა თქმა უნდა, ამას ემსახურებოდა სამთავრობო პროპაგანდისტული საშუალებების მხრიდან დედაჩემის ჩემ წინააღმდეგ გამოყენება. ვერაფრით გავტეხეთ: ვერც „სამართლებრივი” გზებით დაშინებით, ვერც ფიზიკური თავდასხმით, ვერც მანამდე წარმოებული დისკრედიტაციის კამპანიით და მოდი, კოზირი „გაიჩითა”, იქნებ ამით დავანგრიოთ მორალურად, გავანეიტრალოთ, ბოლო მოვუღოთ, გავაჩუმოთ, თავი დავახრევინოთ, სახლში ჩავკეტოთ, შევარცხვინოთ, გამოვფიტოთ.. დავატრიალოთ ყველაზე ბინძური პროპაგანდა: ნახეთ, დედამისი შვილზე რას ამბობს…


არასდროს მინდოდა ამაზე საუბარი, ყოველთვის თავს ვარიდებდი, არათუ საჯაროდ, არამედ მეგობრებთან საუბრის დროსაც კი. ამ ჩემი გულწრფელი და თავდადებული ბრძოლის პარალელურად, ეს იყო ყველაზე დამთრგუნველი რამ, რაც ჩემ თავს ხდებოდა. ის, რასაც ვებრძოდი, საკუთარ ოჯახში ტრიალებდა. იმ პრიმიტიულ პროპაგანდისტულ ნიაღვარს, რასაც ხელისუფლება აფრქვევდა, საკუთარი ოჯახის წევრები ყველაზე ბეჯითად ისრუტავდნენ. და ეს გრძელდება უკვე ბევრი წელია.


ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც მე მიმაჩნდა, რომ სწორი იყო დგომა და არა ვინმეს ჩემ გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები 2012 წლიდან “ოცნების” (რომელიც შემდგომ არანაკლებ ძალადობრივ რეჟიმად გარდაიქმნა, რასაც თითქოს თავის დროზე ებრძოდნენ და კიდევ უფრო მძაფრი ფორმები დაამატა) წევრები არიან, აქტიურად არიან საარჩევნო პროცესებში პარტიიდან ჩართული, ჩემი პოზიციები ყოველთვის თავისუფალი იყო, ჩემ თავს ვუქმნიდი ამ თავისუფლებას, რომ არ ვყოფილიყავი ვინმეს მსოფლმხედველობასა თუ ნაბიჯებთან განსაზღვრულად სინქრონში. არ არსებობდა იმ ტიპის ავტორიტეტი, რომელსაც ბრმად გავყვებოდი, იმპერატიულ მოწოდებებს მივყვებოდი და საკუთარ „მე”-ს წავშლიდი. ახალგაზრდის თავისუფლებაც ამაშია, მაგრამ ჩემთვის ეს განსაკუთრებით დიდი დოზით არსებობდა.


ბავშვობიდან სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიიდან გაჩნდა, რომელმაც დღეს სამწუხაროდ ჩემს მშობლებთან ერთად, თავად დაივიწყა სიტყვები, რომელზეც გამზარდა: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”. როგორც ჩანს, მათთვის მონობა და თავისუფლება თურმე სულ სხვანაირად გამოიყურება, ორუელისეულად: მონობა თავისუფლებაა, თავისუფლება – მონობა. ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერებისთვის არც ბოლშევიზმი ყოფილა შორს – რომ პარტიის, ბატონების სავარძლების გამო, შეიძლება საკუთარი ოჯახის წევრიც კი აუგად მოიხსენიო, გალანძღო, ხელი კრა, დაამცირო, გაწირო, საჯიჯგნად მიუგდო ბრბოს – ერთგულების დამტკიცება პარტიას: ვიღაცებს აყოლილია, მართულია, დამუშავებულია, არ ესმის თქვენი სახით რამხელა სიკეთეს უპირისპირდება, უბრალოდ უმეცარია… და ეს ყველაფერი განსაკუთრებით მორალურად მძიმედ გამოიყურება ჩემზე სწორედ ამ რეჟიმის მიერ 1 კვირის წინ ორგანიზებული ბარბაროსული და არაკაცული ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, ღია და დემონსტრაციული სადამსჯელო აქტის, ანგარიშსწორების, ამ მეთოდებით გაჩუმების მცდელობის ფონზე..


როგორც ვთქვი, ყოველთვის სიმძიმეს წარმოადგენდა ჩემთვის ამაზე ღიად საუბარი და მუდმივად გავურბოდი, არც ვთვლიდი საჭიროდ და სწორად. მაგრამ როცა ეს უკვე ამ ფორმით და მასშტაბით ჩემ მიმართ დედაჩემის მხრიდან მოხდა სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის გამოყენებით (თუ მათ მიერ დედაჩემის გამოყენებით), ამ მხრივ განხილვის მთავარ თემად მაქცია, სასპეკულაციო ამბად დასახა და ინსინუაციების დიდი სივრცე გააჩინა, უბრალოდ შეუძლებელი გახდა მდუმარედ ამასთან შეხვედრა, რაც იმ წამიდან ტრიალებს, პირში წყლის დაგუბება და ინდიფერენტული დამოკიდებულების გამოვლენა, თითქოს არაფერი ხდება.

რაღაცები სამწუხაროდ ახსნას მოითხოვს.
ყველას უჩნდება კითხვა, რატომ გააკეთა ეს, თან ასეთ დროს, სამთავრობო მედიას როგორ მიუგდო თავისი 21 წლის შვილი საჯიჯგნად, რატომ კრა წიხლი მის რეპუტაციას, რა მოიგო ამით, რატომ და როგორ დაეხმარა რეჟიმს მისი შვილის თავდასხმაზე პასუხისმგებლობის არიდებაში, ისრების პოტენციურად სხვისკენ გადატანაში.. არ ვიცი, არც მე მაქვს პასუხი.

რამდენიმე წელია სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ, აქტიური და მუდმივი ურთიერთობა არ გვაქვს შესაბამისად. როცა ვსაუბრობთ „ტექნიკურ” ყოფით საკითხებზე, ყოველთვის ვერიდებით პოლიტიკას შევეხოთ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, როცა თავგანწირულ და თავგადადებულ უწყვეტ ბრძოლაში ვარ, ამ ფონზე კიდევ უფრო მძიმეა მის გაყინულ კონდიციასთან შებრძოლება. ზოგადად, კონფორმიზმი არის ის, რაც ყველაზე მეტად მთრგუნავს. როცა ვკითხე რამდენიმე თვის წინ, რის გამო აკეთებ ამას, პირდაპირ მიპასუხა, მეხმარებიან რაღაცებში როცა მჭირდება და გვერდით მიდგანან, შესაბამისად, მეც იმავეთი ვპასუხობო (პარტიას).

ის, რასაც რეალურად „გარეთ” ვებრძვი, „შიგნით” მქონდა. ამიტომაა შეუძლებელი ორდინალური ურთიერთობა. მაგრამ არც მთლად ასე მშრალადაა საქმე: ამდენი წელია იმ „ბაბლში” ტრიალებს, მისი ტელეფონი რომ გახსნათ, ფეისბუკში შეხვიდეთ, შეიძლება ცოტა ხანში თქვენც დაზომბირდეთ იმ პროპაგანდისტული ნაკადით, რაც ყოველწამიერად მის ირგვლივ ტრიალებს. მართლა დაიჯეროთ, რომ ივანიშვილი ავტორიტარიზმის მშენებლობას და საკუთარი ძალაუფლების ჩაბეტონებას კი არ ემსახურება, მართლა მშვიდობისთვის იბრძვის და დასავლეთის მავნე მცდელობებისგან გვიცავს. ამიტომ აქვს თავი გადადებული… ამიტომ დაიწყო ბოლო თვეებში ის რაც დაიწყო ამ ქვეყანაში.. მისი ოპონენტი მხარე კი დრაკონის განსხეულებაა და სიკეთის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.
რთულია ამ ყინულის გადნობა. ფაქტობრივად შეუძლებელიც, სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება.


მაგრამ ბევრს არ ესმის, შეიძლება პროპაგანდას იყო აყოლილი, კანონის, მისი შედეგების და რეალური მიზნების აღქმა გიჭირდეს, თეთრს და შავს პოლიტიკაში ვერ ასხვავებდე, მაგრამ როცა შენს შვილზეც კი ეგეთ ცხად თავდასხმას ხედავ, ცხადი მოტივაციით და ავტორებით, როგორ შეგიძლია ასეთი მორალური ატროფია განიცადო და ნაცვლად მასზე თავდამსხმის ავტორებზე იერიშის მიტანისა, გაბრაზებისა, გმობისა და მათი არ მოსვენებისა, ეს აკეთო.
კარგად ვიცი, რას ფიქრობს და ლაპარაკობს ნებისმიერი ადამიანი ამაზე. რა თქმა უნდა, არავინ გამიზიარებს თავის რეაქციას და დამოკიდებულებას ხისტად, ყველა მხოლოდ ერთმანეთში საუბრობს პირდაპირი ტექსტებით ამაზე და ჩემთან მიმართებაში ცდილობს ფრთხილად გამოხატოს თავისი სათქმელი ამბის სენსიტიურობიდან გამომდინარე და მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მყარად ვდგავარ.

ზუსტად ისე ვუყურებ ამ ამბავს, როგორც თქვენ. ის, რომ ამაზე საუბრის თავიც მაქვს, ამის გამოვლინებაა.
„შიგნიდან” ეს ცხადია არახალი მოვლენაა ჩემთვის (წლებია გრძელდება), მაგრამ საჯაროდ ამის გამოტანა და მთელი ქვეყნის დისკუსიის საგნად ქცევა, ბუნებრივია არაა მარტივი.
რასაც გავდივარ, მძიმეა ემოციურად. გარედან კი ქვად გამოვიყურები, მაგრამ რა თქმა უნდა ბუნებრივად ასე არაა, უბრალოდ ვცდილობ ყველა ასეთ სიტუაციაში საკუთარი თავის, ემოციების და სახის კონტროლი შევძლო, ცივად და ემოციების გარეშე მოვეკიდო ამას.
როცა ეს რეჟიმი დასრულდება, ყველაფერი ალბათ ნელ-ნელა დალაგდება. მიხვდება, რას ემსახურებოდა, რას აშავებდა და ვინ ხეირობდა მისი ამ ქცევით. გაიაზრებს, სად იყო სინათლე და სიბნელე, სიყვარული და ღალატი, გულწრფელობა და სიყალბე, ეროვნული და ვიწრო პირადი ინტერესები, რეჟიმი და შვილი.. და სწორედ იმ არხებს შეუძლიათ შემდეგ ჩაწერონ პირველი სატელევიზიო აღსარებაც. დარწმუნებული ვარ, ინანებს და გაიაზრებს ამას.
მანამდე ჩემი ბრძოლა კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გრძელდება. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ისტორიულ კატასტროფას ჩვენს ქვეყანაში წერტილი დაესვას. ასე გაგრძელება შეუძლებელია, შეუძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც არ შეუძლია შეეგუოს მონობას, რუსეთს, ავტოკრატიას, გააჩნია ღირსება და ამას მკაფიოდ გამოხატავს.


სხვათა შორის, ეს თაობათა დაპირისპირება არაა ახალი მოვლენა. ილიასეული „მამათა და შვილთა ბრძოლით” იწყება ჩვენს ცნობიერებაში და 9 აპრილის ამბებით გრძელდება, როცა 15-16 წლის ბავშვებიც კი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის რუსთაველზე იდგნენ, შიმშილობდნენ და საკუთარი მშობლები იმდენად ვერ იგებდნენ რა იდეისთვის იბრძოდნენ, რას ემსახურებოდა ეს, რომ სრულიად სერიოზულად ეუბნებოდნენ: რა გაშიმშილებს კაცო ჩემს შვილს, გატენილი მაქვს სახლში მაცივარი, წამოდიო. ვერ იგებდნენ, როგორ უნდა ეცხოვრათ საბჭოთა რეჟიმისგან თავისუფლებაში, რა უნდა ყოფილიყო მას შემდეგ და „რა ეშველებოდათ”, თუ საბჭოთა რეჟიმი დაინგრეოდა, პარტიულ ბილეთს დაკარგავდნენ. თუ ჭირია, შეჩვეული გვირჩევნია, რაშიც მთელი ცხოვრება გავატარეთ და ახალგაზრდები ნუ გვახვევთ თავს ექსპერიმენტებს, ამ რეჟიმისგან გავითავისუფლოთ თავიო. დედაჩემსაც უკითხავს, რა თავისუფლებისთვის იბრძვიო. რა იქნება მას შემდეგ, როცა ეს რეჟიმი დასრულდებაო. სიახლის, განახლების, ახალი რეალობის ფორმირების შიშიც ცალკე ფაქტორია.


მოკლედ, ჩემი გზა მყარად გრძელდება. საქართველოს აუცილებლად გავათავისუფლებთ ერთად ამ ბოროტებისგან და არასდროს ვიცხოვრებთ რუსეთში! ფორმალურად მოპოვებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას რეალურად ვაქცევთ – საქართველო აღარასდროს იქნება რუსეთის ქოლგის ქვეშ. არცერთი რუსული ბოროტების განშტოება – არც შიდა (ივანიშვილის რეჟიმის სახით) და არც გარე (მისი ბატონი პუტინის რეჟიმი) – აღარ იქნება ქართული რეალობის ნაწილი. ბოროტება ვერ მართავს საქართველოს! ბოროტები იპოვიან თავიანთ გზას, საქართველოს მიღმა.
უდიდესი მადლობა იმ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის და მორალურად გაძლიერებისთვის, რასაც ბოლო დღეებში და ზოგადად ბოლო პერიოდში თქვენგან ვგრძნობ. ქუჩაში ყოველ გამოსვლას სულ სხვა ფერი აქვს, რაღაც საოცრება ხდება ხალხისგან, რიგითი გამვლელებისგან. თქვენი გამხნევება და გვერდში დგომა, ყოველი სიტყვა, არის უდიდესი კონტრიბუცია შეტანილი ჩემი სიმტკიცის და მყარად დგომის საქმეში. ეს ბრძოლა საერთოა! ერთად და ერთობით გავიმარჯვებთ!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – წერს ნიკო მანაგაძე. 

შეგახსენებთ, აქტივისტი ნიკო მანაგაძე ერთ – ერთი ტელეკომპანიის ეთერში დედის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ მას და მის ძმას მშობლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

ნიკო მანაგაძის თქმით ,აღნიშნული ინტერვიუს კონტექსტი ისაა, რომ თითქოს ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შეცდომაშია შეყვანილი.

„ფორმულასთან“ ნიკო მანაგაძე აღნიშნავდა, რომ დედის ინტერვიუ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

ცნობისთვის, აქტივისტი და სტუდენტი ნიკო მანაგაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებს. ის უკვე რამდენიმე კვირაა თსუ-ში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად საპროტესტო აქციებს მართავს.

7 ივნისს თსუ-სთან მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას რამდენიმე უცნობი პირი ლექციიდან გამოსვლის დროს დაესხა თავს.

დადგა დრო, ვრცლად: პირველ რიგში დავიწყებ ბოდიშით. ბოდიში იმ ადამიანებს, ვინც ჩემ კონტექსტში დაუმსახურებელი და (რბილად…

Posted by NiKo Managadze on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2024