საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ეხმაურება სოციალურ ქსელში:
„არასდროს ვშლიდი ფეისბუქიდან ნაცნობებს, განსხვავებული აზრის გამო. მაინც ერთ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ ფიქრებით. მაგრამ ეს აღარაა განსხვავებული აზრი, ეს განსხვავებული მენტალობა,ფასეულობები და ზრახვებია. ვერანაირად ვერ გადავეკვეთებით აწი ერთმანეთს. ვერასდროს ვერ გაგამართლებთ. თქვენ ხელი მოაწერეთ ჩემი შვილის მომავლის განადგურებას.
ხოდა კეთილი ინებეთ, ვინც მიიღებთ ამას საკუთარ თავზე, კიდე ზედმეტი უხერხულობა რომ თავიდან ავიცილოთ, თავად ამოეშალეთ ჩემი მეგობრებიდან ისე, რომ ერთმანეთს არც აქ აღარ გადავეყაროთ. ადამიანებს როცა პატივს აღარ სცემ, იმათთან არც რამის განხილვას აქვს უკვე აზრი!“, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.
ცნობისთვის, დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კი „კოალიციამ ცვლილებისთვის“ მოიპოვა.
მონაცემები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ – 55,065%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11,177%;
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%;
- „ძლიერი საქართველო“ – 8,998%;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 8,228%;
- „გირჩი“ – 3,214%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 2,525%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 0,752%