როგორი იყო 2021 წელი ზოგადად სამედიცინო ბიზნესისთვის საქართველოში და უშუალოდ „თოდუას კლინიკისთვის“; რა სიახლეებით ხდება უმსხვილესი კლინიკა 2022 წელს – ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც „ბიზნესნიუსის“ დღის ეთერში გიორგი დიასამიძემ, „თოდუას კლინიკის“ გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა.
-რამდენად წარმატებული აღმოჩნდა თქვენი კლინიკისთვის 2021 წელი?
პანდემიდან გამომდინარე, 2021 წელი ისევე როგორც სხვა ბიზნესებისთვის, ჩვენთვისაც რთული იყო. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ჩვენ სწორედ იმ სფეროში ვსაქმიანობთ, რომელსაც პირდაპირ ეხება პანდემია, აქედან გამომდინარე, არ გვქონდა უფლება, რომ გავჩრებულიყავით არც ერთი წუთით. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლებსაც, მიმაჩნია, რომ წარმატებით გავართვით თავი. სამედიცინო სფერო, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მოითხოვს მუდმივ განვითარებას და ამიტომ, შარშან ძალიან ბევრი სიახლე დავნერგეთ. რაც ყველაზე მთავარია, სწორედ 2021 წელს დავიწყეთ ჩვენი კლინიკის ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებული სამუშაოები და უკვე იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, თბილისში, ვერაზე, ნიკოლაძის 10 ნომერში გაიხსნება „თოდუას კლინიკის“ ახალი ფილიალი – „თოდუას კლინიკა ვერაზე“, სადაც პაციენტები შეძლებენ მიიღონ მათთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურება. ეს კლინიკა იქნება 2021 წლის შეჯამება და 2022 წლის მთავარი სიახლეც..
-რამე ახალი სამედიცინო მომსახურებაც ხომ არ დაგინერგავთ გასულ წელს?
2021 წლის განმავლობაში, ჩვენს კლინიკაში რამდენიმე ახალი მიმართულება ამუშავდა. ასევე, ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ ახალი ექიმები. რაც შეეხება სრულიად ახალ მიმართულებას – აუცილებლად უნდა აღვნიშნო პედიატრიული მიმართულება, რომელიც იქნება განვითარებული ვერის ფილიალში, ასევე მოლეკულური დიაგნოსტიკის და გენეტიკის ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას ჩავატაროთ სხვადასხვა ისეთი კვლევები, რომლებზეც აქამდე პაციენტებს უწევდათ ანალიზების უცხოეთში გადაგზავნა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოვებთ პრევენციული მედიცინის ცენტრს. მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს პროფილაქტიკური გამოკვლევები და დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. ეს ზოგადად ის მიმართულებაა, რომელზეც ჩვენ მომავალში ძალიან ბევრი, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებას ვაპირებთ, ასევე არსებულ მიმართულებებში, როგორიც არის: პლასტიკური ქირურგია დაგვემატა ძალიან საინტერესო სისტემები, რომლებიც სრულიად ავტომატიზირებულად გვაძლევს წინასაოპერაციო სიმულაციის შესაძლებლობას.
„თოდუას კლინიკის“ ერთ-ერთ კონკურტენულ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ჩვენ ვართ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება და ჩვენს ორივე ფილიალში იქნება შესაძლებელი ნებისმიერი ტიპის სამედიცინო მომსახურების მიღება. ჩვენი კლინიკის ძირითადი მიმართულება არის: დიაგნოსტიკა, რაც გულისხმობს: რადიოლოგიურ, ლაბორატორიულ, ენდოსკოპიურ გამოკვლევებს, ტომოგრაფიას; ასევე ქირურგია- ჩვენს კლინიკაში ძალიან განვითარებულია ქირურგიის ყველა მიმართულება, გარდა კარდიოქირურგიისა. და რაც მთავარია, ის მიმართულება, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ – ეს არის ონკოლოგია და ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ სრულ ონკოლოგიურ მომსახურებას ერთ სივრცეში. მოკლედ რომ ვთქვათ, დიაგნოსტიკაზე და ონკოლოგიაზე არის მთლიანად ჩვენი მუშაობა მიმართული, თუმცა, ამას გარდა, სხვა მიმართულებებიც აქტიურად არის წარმოდგენილი „თოდუას კლინიკაში“.
-რამდენ ექიმს ასაქმებთ და როგორ არჩევთ მედ-პერსონალს, მათ შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს კლინიკის მენეჯმენტი?
ჯამში დასაქმებული გვყავს 600 ადამიანი, აქედან – 200 ექიმია. ახალი თანამშრომლის შერჩევა არის ბიუროკრატიული. დიდ ყურადღებას ვაქცევთ რა განათლება აქვს მიღებული ექიმს, რა გამოცდილებას ფლობს და რა არის მისი სამომავლო მიზნები. ტარდება რამდენიმე შეხვედრა ახალ კადრებთან. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ექიმი თავისი კვალიფიკაციით, ასევე ადამიანური და პიროვნული თვისებებით შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც წლების განმავლობაში აქვს დაწესებული „თოდუას კლინიკას“ – მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ახალი ექიმის მიღება. სხვათა შორის, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ექიმი გამოჩნდა ჩვენს კლინიკაში, რომლებიც აკმაყოფილებენ როგორც ჩვენს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
უნდა ვისაუბროთ პანდემიაზეც – თუ შეცვალა ამ 2-მა წელმა რაიმე „თოდუას კლინიკის“ საქმიანობაში და თუ შეიცვალა პაციენტების ქცევაც?
რა თქმა უნდა, იმდენად მასშტაბურად მოხდა მთელს მსოფლიოში და ასევე, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება, რომ ამან პაციენტების ქცევა შეცვალა. მოგვმართავენ, უმეტეს შემთხვევაში, პოსტკოვიდური გართულებებით, თუმცა ბოლო პერიოდში, კოვიდის შიშის გამო, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩაიტარა პროფილაქტიკური გამოკვლევები და წინასწარ შეიტყო საკუთარი ორგანიზმის შესახებ, რათა უფრო მომზადებული ყოფილიყო კოვიდის შეხვედრის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალია. აქვე მინდა, ჩვენს მსმენელს მოვუწოდო, რომ დაიცვას ყველა რეგულაცია, რადგან მხოლოდ ამით შეგვიძლია ვებრძოლოთ პანდემიას.