LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილმა „აწარმოე საქართველოშის“ გრანტი მოიგო, დიდი სამკერვალო შექმნა და ორი ბრენდი დააფუძნა

1971
verikoturashvili

ვერიკო ტურაშვილმა მეგობართან ერთად დიდი ხნის ჩანაფიქრი აისრულა და მოგებული გრანტის პირობებში ახალი საწარმო შექმნა, რომელიც ტანსაცმლის ორ ბრენდს მოემსახურება. ორივე ბრენდი ვერიკოსა და მისი მეგობრის, ნუცა ქირიკაშვილის დაფუძნებულია.

ვერიკო ტურაშვილი:

მე და ჩემმა მეგობარმა, ნუცა ქირიკაშვილმა დიდი ხნის წინ ჩავიფიქრეთ ეს ამბავი. პანდემიის პერიოდში საკმარისი დრო გვქონდა მისი განხორციელებისთვის. ძალიან ვიყოჩაღეთ და „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოვიგეთ დიდი გრანტი, სამკერვალოს დასაფუძნებლად. დაახლოებით ორი თვეა, ეს სამკერვალო ისე იდეალურად გავმართეთ, რომ ვფიქრობ, ძალიან ბევრ დიზაინერს შეშურდება (იღიმის). დავაფუძნეთ ორი ბრენდი – ერთი ქალებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილ შიდა თეთრეულზეა ორიენტირებული და ჰქვია Triko, მეორეს – White Alien, ანუ თეთრი უცხოპლანეტელი, რომელიც შეკერავს ყველაფერს გარეთ ჩასაცმელს, პალტოებს, კაბებს, შარვლებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. პირველ ეტაპზე შევკერეთ ზამთრის კოლექცია, რომელიც აერთიანებს ხელოვნური ბეწვის ქურქებს, პალტოებს, კაბებსა და შარვლებს. შეიძლება ითქვას, ფართო სპექტრის სამოსია. ფოტოსესია უკვე გადაღებულია, რომელზეც მუშაობდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები გიორგი ცაავა და აკო ფურცხვანიძე.

გაყიდვები როდიდან იწყება და რა პლატფორმაზე?

გაყიდვები დაიწყება დღეიდან, სოციალური ქსელების პლატფორმის საშუალებით, თუმცა გაზაფხულისთვის ჩაფიქრებული გვაქვს შოურუმის გაკეთება, სადაც მომხმარებელს მივიღებთ და მათ ექნებათ საშუალება, მოიზომონ გამოფენილი პროდუქცია. მანამდე მსურველებს შეუძლიათ ონლაინ დაგვეკონტაქტონ, შეარჩონ სასურველი პროდუქტი, რომელსაც სასურველ მისამართზე კურიერის საშუალებით გავუგზავნით.

25 დეკემბერს, „თბილისი მოლში“ შევხვდებით ჩვენს მომხმარებელს, დილის ათი საათიდან შეგიძლიათ გვეწვიოთ და ადგილზე დაათვალიეროთ ჩვენი პროდუქტი, სურვილის შემთხვევაში – შეიძინოთ.

კოლექციების შექმნის პროცესი როგორია?

მე და ნუცას მოგვაქვს იდეები, ერთად ვფიქრობთ, ამ ყველაფერში დიდი დოზით ურევია ჩვენი პირადი გემოვნება, მაგრამ ვითვალისწინებთ მსოფლიო ტრენდებს. ჩვენი მთავარი მიზანია, არ გამოვიყენოთ მუქი ფერები, რაც ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ჭარბობს, უფრო მეტად სიჭრელეზე გვაქვს ორიენტირი, როგორც შიდა, ასევე გარე სამოსის შემთხვევაშიც.

ქალისა და მამაკაცის საცვლების ხაზის ცალკე შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?

თავიდან, როდესაც ამაზე დავიწყეთ ფიქრი, ბევრი იდეა მოგვივიდა. ნუცა მარკეტინგში პროფესიონალურად ერკვევა. ბაზრის მოთხოვნა გავითვალისწინეთ და გრანტიც სწორედ ამ კუთხით მოვიგეთ. ქალისა და მით უმეტეს, მამაკაცის შიდა თეთრეულის ქართული ბრენდების დიდი არჩევანი საქართველოში არ არის. ჩვენს საწარმოს ძალიან დიდი მონაცემები აქვს და საცვლების ხაზის შემდეგ, ტანსაცმლის მიმართულებითაც დავიწყეთ ფიქრიც და მუშაობაც.

როგორი ფასთა პოლიტიკა გექნებათ?

ძალიან ადეკვატური. არ გვინდა, მხოლოდ ვიწრო სეგმენტზე ვიმუშაოთ. გვსურს, ჩვენი პროდუქცია ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

როგორც მომღერალს, მთელი ქვეყანა გიცნობს და ახლა გაგიცნობთ, როგორც დიზაინერს…

დიზაინერი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. მე და ნუცა, რომელიც ძალიან კომპეტენტურია ამ სფეროში, გავდივართ კონსულტაციებს პროფესიონალებთან ტექნიკური კუთხით. გვყავს ძალიან კარგი თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა დიზაინერთან მუშაობდნენ და დიდი გამოცდილება აქვთ. სხვათა შორის, კარგი თანამშრომლების მოძიება უფრო რთულია, ვიდრე დიდი საწარმოს მოწყობა (იღიმის).

როგორ შეხვდნენ შენი კოლეგები შენს ახალ წამოწყებას?

შენ წარმოიდგინე, არ იციან, თუკი რამდენიმე კოლეგას არ ჩავთვლით. პირველად ჩემი საყვარელი „ფორტუნადან“ გაიგებენ. შემდეგ ინტერვიუში მოგიყვებით, როგორი გამოხმაურება ექნება (იცინის).

ჩემს თავს და ნუცას წარმატებას ვუსურვებ და მგონია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფართო სპექტრს მოვიცავთ და იმედია, ჩვენი პროდუქცია ბევრი ადამიანისთვის სასურველი იქნება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g