მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა ბრენდ „ტრიკოს“ ქვეშ, თბილისსა და ბათუმში ტანსაცმლის მაღაზიები გახსნა. „ტრიკოს“ ფილიალი დედაქალაქში პეკინის 24ბ -ში გიმასპინძლებთ, ბათუმში კი „ბათუმი მოლის“ ტერიტორიაზე, გორგილაძეს 88 ნომერში გელით.
როგორც Fortuna.ge-ის თავად ვერიკო ტურაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წლის დასაწყისში, „ტრიკო“ მეგობრებთან: ნუცა ქირიკაშვილთან და ეკატერინე დგებუაძესთან ერთად დააარსა. „მე და ჩემმა მეგობრებმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შევიტანეთ პროექტი დასაფინანსებლად. ყველა ეტაპი გავიარეთ და თითოეული წარმატება პატარა ბავშვებივით გვიხაროდა. საბოლოოდ, დადებითი პასუხი მოგვივიდა – მივიღეთ დაფინანსება და დავაფუძნეთ სამკერვალო. გულწრფელად, მთელი ენერგია ჩავდეთ ამ წამოწყებაში, რაც ვიცოდით, უკეთ გავაცნობიერეთ და რაც არა – შევისწავლეთ, შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა. მიღებული გრანტის შემდეგ, ცხადია, ჩვენც დიდი მოცულობის ინვესტიციის ჩადება მოგვიხდა და დღეს „ტრიკო“ ბაზარზე უკვე 2 მაღაზიითაა წარმოდგენილი, რომლებმაც ფუნქციონირება 1 კვირაა დაიწყეს“, – აღნიშნა ვერიკო ტურაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „ტრიკოს“ მაღაზიებში ტანსაცმლის 2 ხაზია გაერთიანებული: ქალისა და მამაკაცისთვის განკუთვნილი თეთრეულზე ორიენტირებული – ბრენდი „ტრიკო” და WhiteAlien, რომელიც ასევე ქალისა და მამაკაცისთვის სამოსს ქმნის.
„სხვათა შორის, ადგილობრივი ბაზრის ათვისების გარდა, საექსპორტო გეგმებზეც ვმუშაობთ. რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და დიდი ალბათობით, ქართულ ნაწარმს მალე ექსპორტზეც გავიტანთ“, – ამბობს ვერიკო ტურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი მომღერალი „ტრიკოს“ ბრენდის ქვეშ ახალი მაღაზიების გახსნას, სამომავლო პერსპექტივაში, საქართველოს სხვა ქალაქებშიც განიხილავს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ “ტრიკოს” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს