ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ გიგა ოთხოზორია მოკლა.
მკვლელობის მიზეზი უბრალო შელაპარაკება გახდა.
30 წლის გიგა ოთხოზორიას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან, ე.წ. „მესაზღვრეებთან“.
კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა.
მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე – რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. არსებობს მომხდარის ამსახველი კადრები.
აღნიშნულის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას, თავის არეში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა.
2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნეს გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.
დღეს, სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს.
ალექსანდრე მოწერელიამ ოთხოზორიას დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.