LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერსია თუ დივერსია: რამ გამოიწვია მასობრივი ხანძრები?

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი საქართველოში – ასე აფასებენ სპეციალისტები სტიქიურ უბედურებას, რომელიც ბორჯომის ხეობას უკვე რამდენიმე დღეა, ანადგურებს. ბორჯომის ტყე-პარკში დაწყებული ხანძრის პარალელურად, საქართველოს, თითქმის, ყველა რეგიონში პერიოდულად ხანძრის კერები  ჩნდება.

რამ გამოიწვია მასობრივი ხანძრები,  ცხელ ამინდებთან და დაუდევრობასთან ერთად,  საზოგადოების ნაწილი დივერსიაზეც ალაპარაკდა და, როგორც ოფიციალურად აცხადებენ, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიაცაა. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე მაინც ვერსიად დარჩება.

დივერსიის ვერსიის პარალელურად კი, ცხადია, მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი სხვა მიზეზების ვერსიებიც.

სპეციალისტების მოსაზრებით, ტყეებში გახშირებული ხანძრების გამომწვევი მიზეზი კლიმატის ცვლილება და  ხეების მასობრივი ხმობის პროცესია, რომელიც სასწრაფო ჩარევას ითხოვს.

ეკოლოგი ნინო ჩხობაძე „ფორტუნასთან“ იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც ბუნებაში ხანძრის მაპროვოცირებელი შეიძლება, გახდეს.

ტყეებში არსებობს სპეციალური ხანძარსაშიში ზონები, ასეთი ადგილებია ჭრაგავლილი ტერიტორია, ნახანძრალი ადგილები და წიწვოვანი ხეების ზონა. თბილისის გარშემო წიწვოვანი ხეები მასიურად ხმება დაავადების გამო და ეს ხეები უნდა გამოიხშიროს. გარდა ამისა, ლიცენზირებული ჭრის დროს, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულოა მოჭრილი ხის ტოტების გამოტანაც, ამ პირობას წარმატებით არღვევენ, მხოლოდ ხეები გამოაქვთ, ტოტები რჩება,  ხმება და ხანძარსაშიშ პირობებს ქმნის. აუცილებელია სპეციალური ღონისძიებები გამხმარი ტოტებისა და ნარჩენებისგან ტყის გასაწმენდად,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

მიმდინარე წლის ზაფხულში, გასულ ზაფხულთან შედარებით, ტემპერატურის რადიკალური სხვაობა არ ფიქსირდება.  თუმცა, მეტია ექსტრემალურად მაღალი სიცხეების და უნალექო ამინდების ხანგრძლივობა.  გვალვამ ტყეში მცენარეული საფარის,  ბუჩქების და ბალახის სწრაფი ხმობა გამოიწვია, ეკოლოგების ინფორმაციით ხანძრის პირველი კერები სწორედ ასეთ  ტერიტორიაზე,  ადამიანის ჩარევის გარეშეც შეიძლება, გაჩნდეს. ბუჩქნარი და ბალახი სწრაფად იწვის, ქარს მარტივად გადააქვს და სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად ცეცხლის რამდენიმე კერა ჩნდება .

ბუნების დამცველები იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც საუბრობენ, რაც ასეთ ბუნებრივ პირობებში უნდა გატარებულიყო და მთავრობას სისტემური ხარვეზისკენ მიუთითებენ.

როგორც „ფორტუნასთან“ ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ 2013 წლიდან არის მზად ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების სტრატეგიული დოკუმენტი და მთავრობის დამტკიცებას ელოდება.

სტრატეგიული დოკუმენტი რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფის შექმნასაც ითვალისწინებს.

 

ტყის ხანძარი, თავისი სპეციფიკით, ჩვეულებრივი ხანძრისგან ძალიან განსხვავდება. გარდა იმისა, რომ ხშირად ხანძარი რთულ რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს , ტყის ხანძარი მიწისქვეშა სახითაც  ხასიათდება,  რის გამოც, მისი ჩაქრობა რთულდება. ტყის ხანძართან საბრძოლველი წესები განსხვავებულია,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

გახშირებული ხანძრების გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობაც შეიძლება განვიხილოთ.

ბუნების დამცველები ცეცხლთან ბრძოლის და პრევენციული ღონისძიებების  შესახებ   ადგილობრივი მოსახლეობის მეტად ინფორმირებას მიიჩნევენ საჭიროდ.

ტყეები ინტერესის ობიექტია ტურისტებისთვისაც . ლაშქრობისას უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა, საინფორმაციო დაფების განთავსება ,  მეტყევეთა მომზადება და ადგილობრივი სატყეო სადგურების სამუშაო იარაღებით (ნიჩბები ,ბარები) მომარაგება, – ეს ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელითაც სტიქიის თავიდან არიდება იქნება შესაძლებელი, – ამბობენ სპეციალისტები.

 

თამუნა გოგუაძე

magti 5g