„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
განცხადების ხელმომწერი დიპლომატიური წარმომადგენლობები აცხადებენ, რომ „გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს“ და აღნიშნავენ, რომ „მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით“.
24 დიპლომატიური წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და შესაბამის ორგანოებს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
მოსამართლე მზია ამაღლობელს: „შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ“
24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო…
Posted by European Union in Georgia on ოთხშაბათი, 06 აგვისტო, 2025
ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“