ლედი გაგამ მომავალი დისკის ლიდ სინგლის – Disease კლიპი წარადგინა. სიმღერის რელიზი 25 ოქტომბერს შედგა.
აღსანიშნავია, რომ უახლესი ჩანაწერის ვიდეო, უდავოდ შთამაგონებელი და მისთვის დამახასიათებლად, ექსცენტრიკული გამოვიდა. მუსიკალურ რგოლში შემსრულებელი საკუთარ შინაგან დემონებს ებრძვის, საბოლოოდ კი თავს ისეთად იღებს, როგორიც არის.
,,ბევრს ვფიქრობ საკუთარ შინაგან დემონებთან ურთიერთობაზე. ჩემთვის არასდროს ყოფილა ადვილი იმის დანახვა, თუ როგორ მაცდუნებს ქაოსი და არეულობა. ეს მიქმნის კლაუსტროფობიას.
დაავადებაა ამ შიშის წინაშე დგომა, საკუთარი თავის და შინაგანი სიბნელის. იმის გაცნობიერება, რომ ხანდახან ვერ გავიმარჯვებ ან ვერ გავექცევი იმ ნაწილებს, რომლებიც მაშინებენ. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ვცადო და გავიქცე მათგან, ისინი მაინც ჩემი ნაწილია და დროდადრო ისევ მომიწევს მათთან შეჯახება.
ის ჩემია და მე ვისწავლე მისი მართვა. მე ჩემი სიმფონიის დირიჟორი ვარ. ასეთია ჩემი ხელოვნება და ცხოვრება. რაც არ უნდა საშინელი იყოს კითხვები, პასუხები ჩემშია. მე თავს ვიხსნი სვლის გაგრძელებით. მე ვარ ძლიერი და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის” – განმარტა კომპოზიციის ვიზუალის აღწერისას მომღერალმა.
როდის იხილავს დღის სინათლეს არტისტის მეშვიდე სტუდიური ალბომი და რა ერქმევა მას, ამ დრომდე უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ ფირფიტის გამოშვებას მუსიკოსი 2025 წლის თებერვალში აპირებს.