ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ქიზიყელი რობინზონ ნატროშვილი, რომელიც საზოგადოებამ 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ გავრცელებული ემოციური ვიდეოებიდან გაიცნო, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ დორტმუნდში გაემგზავრა.
„ძალიან მაღალი ემოციები მაქვს, ნამდვილად კარგი ბიჭები გვყავს – კარგი, საყვარელი, ძლიერი, ძალიან კარგები და იმედი მაქვს, რომ ნამდვილად გაამართლებენ, ველი, რომ უნდა გავიმარჯვოთ, იმიტომ მივდივარ, აბა, იქ რა მინდა, იქ რისთვის მივდივარ?
ეს ძალიან დიდებული წარმოსადგენია, გარდა იმისა, რომ იქ ამდენი ქართველი იქნება, ეს ქართველობა თავის სიტყვას იტყვის.
რა ვთქვა? ჩვენს ბიჭებს რომ დავინახავ, ახლა მეტირება და ალბათ იქ ვიტირებ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთზე გერმანიაში წავიდოდი. ჩვენი ქვეყნის ნაკრების გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს და წინ წავა“, – ამბობს რობინზონ ნატროშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში.
❤️ 🇬🇪⚽88 წლის ქიზიყელი პაპა რობინზონ ნატროშვილი, რომელსაც ოცნება აუხდა და ევროპის ჩემპიონატს დასეწრება. მოხუცს ოცნება მამუკა ხაზარაძემ აუხდინა
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 18 ივნისი, 2024
ცნობისათვის, დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გამართავს. საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ დაუპირისპირდება.
