ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ტელევიზიასთან იმყოფებიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც მათთვის ეთერის დათმობას ითხოვენ, რათა „სინდისის პატიმრების“ შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრონ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტურად არ აშუქებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.
როგორც „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტელევიზიასთან მობილიზებული არიან პოლიციელები.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
„თავისუფლება მზიას“ – სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.
ინფორმაციისთვის, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.
პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.