„19 ივლისს, ფესტივალი Art-გენი 2024-ის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნა. ფესტივალი პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში, 19 – 20 – 21 ივლისს და 26 – 27 – 28 ივლისს ჩატარდება“, ამის შესახებ „არტ-გენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 19 ივლისს, თბილისის ტური ბენდმა „ჩვენებურებმა“ გახსნა. პირველი დღე Art-გენის დებიუტანტის „თემურიკო დიასამიძე და მეგობრების“ კონცერტით დასრულდა.
„20 ივლისს, სცენა GAGA FRANI-ს დაეთმობა. 21 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე და „ინსაითის“ წარდგება. 26 ივლისს, ფესტივალი REGGAEONის კონცერტით გაგრძელდება. 27 ივლისს, დასკვნით კონცერტს „სუხიშვილები“ გამართავენ. 28 ივლისს, Art-გენი 2024-ის თბილისის ტური „33ა“-ს კონცერტით დაიხურება.
ტრადიციულად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონული ანსამბლების ფოლკლორული კონცერტები, გამოფენები, ქართული ღვინის და კულინარიის კუთხეები, მრავალფეროვანი დასასვენებელი სივრცეები.
წელს, #ფესტივალი “არტ-გენი” ხუთი ქვეყნის: ჩეხეთის, სამხრეთ კორეის, ირანის, პოლონეთის და ისრაელის მუსიკოსებს უმასპინძლებს. მათ შორის, ჩეხი მუსიკოსების ანსამბლს ქართული სახელწოდება “ჰაერი” ქვია და ჩეხურ ფოლკლორთან ერთად ქართულ სიმღერებსაც წარმოადგენენ.
Art-გენი 2024 სპონსორები: “ავერსი”, “საგურამო სტეიჯი”, ლუდი “ნატახტარი” წყალი „მთის”, “მილდიანი”. მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მედია მხარდამჭერები: “1 არხი” და რადიო „არ დაიდარდო“, რადიო “ფორტუნა”.
წელს ფესტივალმა სტარტი რეგიონული ტურნეთი ზესტაფონის რაიონში აიღო, სადაც ადგილობრივ ფოლკლორთან ერთად “ჩვენებურების”, GAGA FRANI-ის და REGGAEON-ის კონცერტი ჩატარდა.
ფესტივალის რეგიონული ტურნე 3 აგვისტოს, დმანისის რაიონში პანტიანის ტბაზე REGGAEON-ის და SHEREKILEBI-ს კონცერტით დასრულდება.
Art-გენის რეგიონული ტურნეს მხარდამჭერები არიან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები.
ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.
ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას“, – აღნიშნულია „არტ-გენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.