LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცრემლნარევი და სევდიანი ემოციები გვქონდა. მამუკა გამიცოცხლე და დიდი რამ გააკეთე ჩემთვისო… მიხარია, რომ ეს შევძელი…“ – გოგა მესხის მიძღვნა მამუკა ონაშვილს და ახალი კლიპი

2920
გოგა მესხი

გოგა მესხმა ახლახან მაყურებელსა და გულშემატკივარს ახალი სიმღერა და კლიპი წარუდგინა. „დაღამებულხარ, ჩემო აპრილო“ გოგამ ახალი ვერსიით შემოგვთავაზა, ხოლო სიმღერა მამუკა ონაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. სიმღერის ავტორი სოსო ებრალიძეა, ტექსტი ვახტანგ გოგოლაშვილის გახლავთ, ხოლო ვერსია – მამუკა ონაშვილის.

კლიპის პრემიერა ახლახან გაიმართა. ვიდეორგოლის რეჟისორები არიან სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე. მხატვარი & გრიმი ეკუთვნის ელა ვოინვარცს, ფერის კორექცია – ვასილ ოთიურიძეს, მსახიობი გახლავთ ქეთი დევდარიანი.

გოგა მესხს fortuna.ge დაუკავშირდა და კლიპისა და პრემიერის შესახებ დავუსვით კითხვები.

გოგა, რატომ შეარჩიე ეს სიმღერა და მამუკა ონაშვილის ვერსიით მისი შესრულება რატომ გადაწყვიტე?

არ ვიცი, როდის და საიდან, მაგრამ ეს ვერსია მოხვდა ჩემს ხელში, რომელიც ძალიან მომეწონა. გავიგე, რომ იყო მამუკა ონაშვილის. ერთხელ ვკითხე, რომ თუ შეიძლებოდა, ვერსიით შესრულება და მიპასუხა, რომ სადაც მინდოდა, იქ შემესრულებინა. ასე დაიწყო ჩემი და ამ ვერსიის ურთიერთობა. მამუკას გარდაცვალების შემდეგ მის დას, მაიკოს დავურეკე, ავიღე ნებართვა, რომ ჩამეწერა ეს ვერსია და გადამეღო კლიპი, რომელსაც მამუკა ონაშვილის ხსოვნას მივუძღვნიდი.

მამუკასთან ურთიერთობაზე მოგვიყევი..

მამუკას ხელში გავიზარდე, ამას ურთიერთობაც აღარ ჰქვია. დედაჩემსა და ბიძაჩემთან მეგობრობდა. როდის გავიცანი, ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ახალი წელი იყო, მე ვიყავი ძალიან პატარა, შეიძლება, 10 წლის. დედაჩემი მომღერალია და ერთად გამოდიოდნენ ახალ წელს, მაშინდელ რესტორან „არაგვში“. მახსოვს, „ბეემვე“ ჰყავდა მაშინ მამუკას, ბავშვი ყველაფერს იმახსოვრებს… (იღიმის). მეუღლესთან ერთად მოვიდა, ერთად შევხვდით ახალ წელს. ყოველთვის ვითვალისწინებდი მის რჩევებს, არა მხოლოდ მამუკასთან, ზურა დოიჯაშვილთანაც ძალიან ახლოს ვიყავი, მიყვარდა მათთან ურთიერთობა.

მამუკა როგორი დაგამახსოვრდა, როგორი ადამიანი იყო?

გამორჩეული იუმორით. სადაც მამუკა იყო, გამორიცხულია, ვინმე მოწყენილი ყოფილიყო. თბილი ადამიანი იყო და ყველას უყვარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პატივს სცემდა. გამორჩეული ადამიანი გახლდათ. მამუკას ორ საათში გაიცნობდი, ორ საათში გახდებოდა შენთვის ძალიან ძვირფასი. ძალიან მწყდება გული იმაზე, როცა ვამბობ, რომ იყო, ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია…

კლიპის პრემიერაზე მამუკას დას როგორი ემოციები ჰქონდა?

ცრემლნარევი და სევდიანი ემოციები გვქონდა. მამუკა გამიცოცხლე და დიდი რამ გააკეთე ჩემთვისო. მიხარია, რომ ეს შევძელი…

ვიდეორგოლი სად არის გადაღებული?

თბილისის შემოგარენშია გადაღებული. ერთ-ერთი ლოკაცია არის წოდორეთში მდებარე რანჩო. ჩემი ინიციატივა და სურვილი იყო, რომ ასეთი კლიპი გამოსულიყო.

როგორ ჩაიარა პრემიერამ?

მართლა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემი ბევრი ახლო ადამიანი მოვიდა, ბევრი, სამწუხაროდ, – ვერა. ვნერვიულობდი, რადგან ეს არ არის რიგითი სიმღერა და მორიგი კლიპი, რადგან მამუკას ეძღვნებოდა, ორმაგად და სამმაგად საპასუხისმგებლო იყო. პირველი ჩვენების შემდეგ რომ დადებითი შეძახილები მოჰყვა, მივხვდი, რომ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვკეთებინა.

გოგა, ბევრ რამეს აკეთებ, არ ჩერდები, მიუხედავად იმისა, რომ შოუბიზნესში დიდი არაფერი ხდება…

ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, აბსოლუტურად ყველას დავუძახე, ვინც შეძლო, ყველა მოვიდა. რეალურად, რაღაცნაირად არიან, ყველას ვუჩიჩინებ, ამ სიტყვის გამოყენება თუ შემიძლია, რომ გაინძრნენ და რაღაც გააკეთონ. გასაგებია, რომ ისე არ გვილხინს, მაგრამ ერთ ადგილზე დგომით არაფერი მოხდება. ხელოვანი უნდა განვითარდეს და გაიზარდოს. ყველას ვეუბნები, მეც დაგეხმარებით-მეთქი. რეალურად, თბილისი არის ურთიერთობა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ურთიერთობებით, ვიდრე ფულით. ფულითაც კეთდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მეგობრების დახმარებით, ბევრი რამ არის შესაძლებელი. სწორი სიტყვაა მუღამი, მუღამი აქვთ, ალბათ, დაკარგული. ასე, არც მე არ მეხალისება, მაგრამ საჭირო და აუცილებელიცაა, რომ განვითარდე, ერთ ადგილს არ ტკეპნიდე და წინ წახვიდე. შემოსავალიც ხომ გაიზრდება, დღეს თუ ღირხარ ერთი ლარი, კონკრეტული წარმატების შემდეგ ღირხარ 5 ლარი.

სამომავლოდ რა გაქვს ჩაფიქრებული?

აუცილებლად შემოგთავაზებთ სიახლეებს, რამდენიმე კომპოზიტორთან ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. ვაპირებ ფილმის გადაღებას, მსახიობი ვარ, თეატრალური მაქვს დამთავრებული, დიდი ხანია, ერთი პროექტი მაქვს, რომლის განსახორციელებლად ძალა აქამდე არ მქონდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, მაქვს. მე პროდიუსერი ვიქნები და ამ ფილმში ვითამაშებ კიდეც…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g