ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე, თითქმის ყოველ წელს, ხშირად ხდება უჩვეულო ფაქტები, რომლებიც შემდეგ სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება.
გამონაკლისი არც მიმდინარე წლის გამოცდები იყო – 18 ივლისს, etaloni.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია ერთ-ერთი მაგისტრანტის შესახებ, რომელიც გამოცდაზე ფეხშიშველი მივიდა.
მოგვიანებით, 24 წლის თამარ ოთანაძემ ფაქტის შესახებ თავად უამბო Palitravideo.ge-ს:
„სამაგისტრო გამოცდაზე მივდიოდი, როდესაც სახლიდან გამოვედი, მივხვდი, რომ ჩემი ფეხსაცმელი არ იყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც უნდა ყოფილიყო. ტაქსიში რომ ჩავჯექი, მივხვდი, რომ გაფუჭდა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, გამოცდამდე 5, 10 წუთი იყო დარჩენილი და ძალიან მაგვიანდებოდა.
ფეხსაცმელი გავიხადე, ნაგვის ურნაში ჩავყარე და ფეხშიშველი გავიქეცი. როდესაც საგამოცდო კართან მივედი და ჩემი საგამოცდო ბარათი წარვადგინე, ვთხოვე, ხელსახოცი მოეტანათ, რადგან წვიმის გამო ფეხები ჭუჭყიანი მქონდა და ასე შესვლა მეუხერხულებოდა.
გამოცდაზე დამეხმარნენ, იქვე მყოფმა ბიჭმა თქვა: „ფეხშიშველი რომ არის, ძალიან შესცივდება, გამოცდას როგორ დაწერს, წინდები მაქვს და ამას ჩავაცმევო“, შემდეგ ბახილებიც მომიტანეს“, – ამბობს თამარ ოთანაძე.