LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კადრები ვერიკო ტურაშვილის ახალი ფერადი კლიპიდან: „მსმენელს მინორული სიმღერებით უფრო ვახსოვარ, ახალ რეპერტუარში კი მინდა, გასართობი სიმღერებიც შევიტანო…“

2550
ვერიკო

ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის პრემიერა რამდენიმე დღეში შედგება. მანამდე მომღერალმა ფერადი ვიდეორგოლის კადრები უკვე გაგვიზიარა და წინასწარ ბევრი კომპლიმენტიც მიიღო, სანამ მთლიან ვერსიას წარმოგვიდგენს. კლიპში ბევრი სხვადასხვა საინტერესო პერსონაჟია შეკრებილი. ვერიკო იმედოვნებს, რომ სიმღერა მალე დაიპყრობს მსმენელის გულებს და ჰიტი გახდება, რადგან ამის პოტენციალი აქვს.

ვერიკო ტურაშვილი: 

ამ სიმღერაზე იმუშავა ზაზა ხუბუკელაშვილმა, ის არის არანჟირების ავტორი, ტექსტის ავტორი გახლავთ თემო საჯაია. კლიპზე იმუშავა ჩემმა მეგობარმა, ალექსანდრე ფურცხვანიძემ, რომელიც აქამდე ჩემს კარიერაში ფოტოსესიებით იყო ჩართული. აკო, ფოტოგრაფთან ერთად, ოპერატორიც არის, მაგრამ მისთვის ჩემი ვიდეორგოლი პირველი ნამუშევარია. დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ვაკეთებდით ერთად. ვფიქრობ, რომ პირველი ნამუშევრისთვის ძალიან კარგი გამოუვიდა.

კლიპში ბევრი საინტერესო უცნობი სახეა… 

პრომოში ყველა არ ჩანს, გვინდოდა გადაგვეღო გამორჩეული პერსონაჟები განურჩევლად ასაკისა და სქესისა. სიმღერა ბედნიერებაზეა და ხალხიც ფერადი ამოვარჩიეთ. გადაღება მიმდინარეობდა „აიქიუ სტუდიაში“.

შენს ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა?

ჩემი ჩაცმულობა მეკუთვნის მე (იცინის). თავად ავარჩიე ლუქი.

ხუმრობით გკითხავ, ეს სიმღერა ზედმეტად მხიარული ხომ არ არის შენთვის?

რეპერტუარში მაქვს რამდენიმე ძველი ენერგიული სიმღერა, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მსმენელს მინორული სიმღერებით უფრო ვახსოვარ. ახალ რეპერტუარში გადავწყვიტე, ისეთი სიმღერებიც შევიტანო, აზრიც რომ დევს და თან, გასართობადაც გადასარევი რომ არის. უახლოეს პერიოდში ვაპირებ მუსიკაში აქტიურად დაბრუნებას, ბენდი მინდა მყავდეს და რეპერტუარიც საჭიროა, რომ იყოს გასართობი და კარგი.

შენ, ბევრი მომღერლისგან განსხვავებით, ფაქტობრივად არ მღერი ქავერებს. ეს ამბავი როგორ გამოვიდა?

მე ისეთ პერიოდში დავიწყე ჩემი მუსიკალური კარიერა, როცა ქავერები არ იყო. მაშინ ქართული შოუბიზნესი პირველ ნაბიჯებს დგამდა. ფართო აუდიტორიის წინაშე ჯერ კიდევ მაშინ გამოვჩნდი, როცა სრულწლოვანიც არ ვიყავი. მაშინ ახალი სიმღერები იწერებოდა. იმ თაობის ძალიან პატარა მონაწილე ვიყავი. მერე გადავიდნენ ქავერებზე აქტიურად. ბევრი მომღერალია, რომელსაც, სამწუხაროდ, თავისი რეპერტუარი არ აქვს, ისინი ხალხისთვის საყვარელი მომღერლები არიან და მღერიან კოლეგების ან უცხოურ სიმღერებს. ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მუსიკოსი მსმენელს უნდა უყვარდეს თავისი სიმღერებით. თუ ქავერს აკეთებ, ისიც არ უნდა იყოს ელა ფიცჯერალდის მინუსზე შესრულებული. მრავლად როცა არის რეპერტუარში ქავერი, ეს არ მიმაჩნია სწორად. ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ჩემს რეპერტუარში მინიმუმის მინიმუმი უკავია სხვის სიმღერებს. ერთი პერიოდი მე და ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მუსიკოსი საზღვარგარეთ კლუბში მიგვიწვიეს და კონკრეტულად ამ ღონისძიებისთვის გავაკეთეთ კონკრეტული რეპერტუარი, იმ დროიდან მაქვს რეპერტუარში რამდენიმე უცხოური სიმღერა, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით.

ბენდის წევრები უკვე შეარჩიე?

ჯერჯერობით ბენდი არ მყავს შერჩეული, ძიების პროცესში ვარ. არ მინდა, ბენდში დამწყები მუსიკოსები, ჩემთვის ხარისხი სტუდიაშიც და ლაივშიც ძალიან მნიშვნელოვანია. თან, დრო რომ ჰქონდეთ და თან გამართული იყვნენ მუსიკალურად, ამას ვეძებ. ვიღაცები უკვე შემჩნეული მყავს. მგონია, რომ ამ თვეში უკვე გაიტესტება ეს ყველაფერი და მაყურებელსაც ვაჩვენებ ერთ-ორ სიმღერას.

ახალ ვიდეორგოლს სრულად როდის ვიხილავთ?

კლიპი გამოვა უახლოეს დღეებში. გუშინ დავდეთ პრომო.

როგორ გამოხმაურებებს ელოდები?

ველოდები აქტიურ გამოხმაურებებს. სიმღერას დიდი პოტენციალი აქვს, რომ იყოს ჰიტი, ფერადი და პოზიტიურია. ვინც მოისმინა, შინაურმა წრემ, ყველა ღიღინებს, მეორედ ჩართვა აღარ სჭირდებათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსმენელის გულებთან მივიტანო, რასაც აქტიურად შევეცდები სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები