დათი ქოქრაშვილი საზოგადოებამ 3 წლის წინ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაიცნო. დათი შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა და მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსების გავლა დასჭირდა.
დათი ამჟამადაც მშობლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მას ერთ-ერთი მორიგი ოპერაცია, რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი გასული წლის აგვისტოში ჩაუტარდა.
დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ხშირად ავრცელებს. ამჯერად ის აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც დათი ბრუნო მარსისა და ლედი გაგას ჰიტად ქცეულ დუეტს „Die With A Smile“ უსმენს და თავადაც მღერის.
„ჩემი ტკბილი ბიჭი. როგორი გრძნობით მღერის და თან რანაირი სიმღერა მიმღერა“, – წერს დათი ქოქრაშვილის დედა.