„ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, საზოგადოების ნაწილი კვლავ აპროტესტებს და მას რუსულს უწოდებს. ისინი აქტიურად გამოხატავენ პროტესტს და საკანონმდებლო ორგანოსთან ყოველდღე აქციას მართავენ.
კანონპროექტის დაინიცირების პირველ დღეებში, სოციალურ ქსელში პარლამენტთან გადაღებული არაერთი კადრი გავრცელდა. ერთ-ერთი ცნობილი ფოტოა სპეცრაზმის წინ მდგარი სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ევროკავშირის და საქართველოს დროშები აქვთ შემოხვეული.
აღნიშნული ფოტო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა.
ფოტოზე მყოფი სანდრო ჯოხაძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ ფეხბურთელების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან გაახარა და გააძლიერა.
„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი მამარდაშვილი
„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე
„რომ დამაგდეს, დაგდების მომენტში დროშა მომაძრეს და გათელეს, რაზეც გული მწყდება.. ნაკრების ფორმა მაცვია და ფეხბურთელების განცხადებები რომ ვნახე, მანდ მივხვდი, რომ სწორ მხარეს ვიდექი.. დავრწმუნდი ამაში..
13 წელია ფეხბურთს ვუყურებ, ნაკრების ფანი ვარ და სწორი პოზიცია რომ დააფიქსირეს შენთვის მნიშვნელოვანმა ადამიანებმა შენც გაძლიერებს ეგ ამბავი.. დარწმუნებული ვარ, როგორც ქართული ფეხბურთის ზღაპრის ბოლო ევროპაში იყო და კეთილი აღმოჩნდა, ისე აღმოჩნდება ქართული სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის ზღაპრის ბოლოც და გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში აუცილებლად“, – აცხადებს სანდრო „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში.
„საქართველო ევროკავშირში“ – გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა